სტატიები

გუბერნიიდან მერიაში – რა გზა განვლო სიმონ გულედანმა მერის მოადგილეობამდე 

გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ სიმონ გულედანი დაინიშნა. პირველი მოადგილის თანამდებობა რამდენიმე თვე ვაკანტური იყო, მას შემდეგ, რაც ნიკა ღვინიაშვილმა პოსტი დატოვა.

სიმონ გულედანმა მერიაში გუბერნიიდან გადაინაცვლა, – ის წლების განმავლობაში იკავებდა გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას. უფრო ადრე კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა. გულედანი პროფესიით ეკონომისტია. 

საჯარო სამსახურებში გულედანი 2004 წლიდან გამოჩნდა. თავდაპირველად თეთრიწყაროში, ლტოლვილთა და განსახლების სამსახურის უფროსი იყო. ხოლო 2018 წლიდან იკავებდა შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდეობობას. 

“მოზაიკა” გთავაზობთ სიმონ გულედანის საქმიანობას წლების მიხედვით:  

2018 წლიდან  – 2024 წლამდე გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე;

2017 – 2018 წწ. გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე;

2014 – 2017 წწ.   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი;

2013 – 2014 წწ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;

2012 – 2013 წწ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

2011 – 2012 წწ.   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

2007 – 2011 წწ.   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;

2006 წლის მარტი – 2006 წლის ნოემბერი –  საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი;

2004 – 2006 წწ.  თეთრიწყაროს რაიონის ლტოლვილთა და განსახლების სამსახურის უფროსი.

სიმონ გულედანის შემოსავალი და ქონება საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში

სიმონ გულედანი ქონებრივ დეკლარაციას 2015 წლიდან ავსებს. მან ამ დროის განმავლობაში შეიძინა ორი ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი და ავტომანქანა. ორი ბინის შეძენა გულედანს საერთო ჯამში 130 000 ლარი დაუჯდა. 

რაც შეეხება დანარჩენ ქონებებს, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს მესტიასა და თეთრიწყაროში, რომელიც მემკვიდრეობით ერგო. 

გულედანს ხელფასის სახით, გასულს წელს 47 509 ლარი უფიქსირდება, ხოლო მის მეუღლეს, ნათია გოჩაძეს, რომელიც სამოქალაქო რეესტრში მთავარ სპეციალისტად მუშაობს, 21 168 ლარი. 

დატოვეთ კომენტარი