ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს – ამჯერად, რუსმა სამხედროებმა მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრები იასონ გენგიური და სერგო მერებაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათი უკანონოდ დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთის სამხედროები ხშირად კვეთენ საოკუპაციო ხაზს და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყების ამ განცხადებას საზოგადოება გამოეხმაურა.
“ესაა მშვიდობა?”, – წერს ვასო ცინაძე.
მოქალაქეები ხელისუფლებას რიტორიკულად მიმართავენ და ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ახსენებენ, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო და ამისთვის ქვეყანამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
“ბოდიში მოუხადეთ და ჩაენაცვლეთ”.
“ბოდიში რომ მოვუხადოთ, არ დააბრუნებენ?”, – წერს თეკო გოგია
“საკუთარ თავში ვერ გამოძებნეთ ძალა ბოდიშისთვის?”, – წერს მარიამ იაშვილი.
“ბოდიშს რატომ არ იხდით? ომი გინდათ?”, – წერს დემეტრე შანშიშვილი.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ორი დაკავებულის გათავისუფლების შესახებ. უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ გასულ წელს უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე.
გასულ წლებში, უკანონო დაკავებებების ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:
- 2023 წელი, ცხინვალის მიმართულებით – 37 ადამიანი, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით – 26;
- 2022 წელი: ცხინვალის მიმართულებით – 44 ადამიანი, აფხაზეთის მიმართულებით – 13;
- 2021 წელი: ცხინვალის მიმართულებით – 70 ადამიანი, აფხაზეთის მიმართულებით – 11;
- 2020 წელი: ცხინვალის მიმართულებით – 64 ადამიანი, აფხაზეთის მიმართულებით – 13;
- 2019 წელი: ცხინვალის მიმართულებით – 86 ადამიანი, აფხაზეთის მიმართულებით – 27;
- 2018 წელი: ცხინვალის მიმართულებით – 100 ადამიანი, აფხაზეთის მიმართულებით – 28;
- 2017 წელი: ცხინვალის მიმართულებით – 126 ადამიანი, აფხაზეთის მიმართულებით – 52;
- 2016 წელი: ცხინვალის მიმართულებით – 134 ადამიანი, აფხაზეთის მიმართულებით – 193.