ავტორი: რუსკა ბუზიაშვილი
არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია არჩევნებში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა, რადგან ამ ქვეყნის მომავალს წარმოვადგენთ ჩვენ, ახალგაზრდები. ამიტომ ჩვენი მომავალი ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ, ზუსტად ამიტომაა მნიშვნელოვანი თითოეულმა ახალგაზრდამ გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ მათი ერთი ხმა დიდი ძალაა და აუცილებელია, რომ ეს ძალა გამოიყენონ საარჩევნო ყუთთან, ახლა უკვე აპარატთან.
პირადად მე, როგორც ერთ, რიგით მოქალაქეს და ახალგაზრდას მიმაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობით მეძლევა შესაძლებლობა, გამოვხატო ნებისმიერი უკმაყოფილება იმაზე, რაც არ მომწონს, რაც ჩემი ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის თუ ქვეყნისთვის საზიანო მგონია.
როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ისტორიამ, არაერთხელ გვაჩვენა რომ ერთ ხმას დიდი ძალა აქვს და ამ ძალას გამარჯვების მოტანა შეუძლია. დაე, ეს ერთი ხმა იყოს ჩემი ან ნებისმიერი სხვა ახალგაზრდის ხმა.
ამას უკვე წლებია ვასწავლი სხვა ახალგაზრდებსაც და ამის შესაძლებლობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სხვადასხვა პროექტებით მაძლევენ.
ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებამდე, სანამ მე თვითონ მომეცემოდა საშუალება ჩემს პირველ არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა, აქტიურად ვმუშაობდი ახალგაზრდებთან, სხვადასხვა საკითხებზე მათი ცნობიერების ასამაღლებლად. ამ ყველაფერს კი ვაკეთებდი USAID-ისა და UNAG-ის პროგრამების ფარგლებში. ერთ-ერთი ასეთი პროექტის დახმარებით, დავიწყე ახალგაზრდებთან მუშაობა არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასავრცელებლად.
,,ტოლეტანტობის,სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის’’ პროგრამის (PITA) ფარგლებში, ჯერ თავად მივიღე ცოდნა და გამოცდილება არჩევნების შესახებ და შემდეგ უკვე მომეცა საშუალება გორის მუნიციპალიტეტში პირადად შევხვედროდი ახალგაზრდებს და მიმეწოდებინა მათთვის რეალური ინფორმაცია და დამენახვებინა, რომ მათი ერთი ხმა ძალაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაშინ, რადგან პანდემიის გამო საკმაოდ დიდი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით.
ყოველთვის და ყველა მხრიდან, ვცდილობ მაქსიალურად ვიმუშავო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ასაკშივე გავაცნობიეროთ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობები და გავიაზროთ, რომ საარჩევნო ხმის უფლება არის ის, რაც საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვაში ჩვენი წვლილის შეტანის საშუალებას გვაძლევს.
აუცილებელია ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის გრძნობით, 26 ოქტომბერს მივიდეთ საარჩევნო უბნებზე.