ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი აქტიურად ხვდება მოქალაქეებს, თუმცა საარჩევნო კამპანიაში ამ დროისთვის არ მონაწილეობენ მისი მოადგილეები. როგორც გულიაშვილი ამბობს, თუ საჭირო გახდა, კამპანიას მისი მოადგილეებიც შეუერთდებიან.
“ლადო სულაქველიძე და ნათია მაწონაძე საარჩევნო პროცესებში ჯერ ჩართულები არ არიან, რადგან მათ უამრავი სხვა საქმე აქვთ, თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, ისინიც ჩაერთვებიან სამომავლოდ“, – გვითხრა გულიაშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო შეხვედრებზე ის მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებს მიმოიხილავს.
“ხალხი მიხვდა, რომ ის მთავრობა ვართ, ვისაც უნდა ენდოს. ხალხმა დაიჯერა, რომ ცრუ დაპირებები და ლაპარაკი არ არის, ლაპარაკს მოსდევს საქმე. ყველა არჩევნებზე რომელზეც გავდივართ კარგ შედეგს ვდებთ,მოსახლეობაც გვიჭერს მხარს, იმიტომაც ვართ დღეს მთავრობაში”.
ქარელში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს სწორედ მოქმედი მერი ზაზა გულიაშვილი ხელმძღვანელობს.