სტატიები

სკოლების, ბაღების და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები კომისიის წევრებად – ვითარება ქარელის საუბნო კომისიებში 

ქარელის მუნიციპალიტეტში, საუბნო საარჩევნო კომისიები საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული პირებით დაკომპლექტდა. კომისიის წევრებში ჭარბობენ სკოლების, ბაღების და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. 

მაგალითად, უშუალოდ ქარელში არჩევნების დღეს ხუთი უბანი გაიხსნება და მათგან ოთხს საბიუჯეტო დაწესებულების თანამშრომელი უხელმძღვანელებს. 

  • N1 საარჩევნო უბნის კომისიის თავჯდომარე ნანა შავდათუაშვილი, ქარელის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი იქნება. თავმჯდომარის მოადგილედ კი პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯენეტი ივანიძეა შერჩეული.
  • N2 საარჩევნო უბნის კომისიის თავჯდომარე ქეთევან კურმაშვილი, ქარელის მეორე საბავშვო ბაღის დირექტორი იქნება. ამავე უბანზე კომისიის წევრები არიან გიმნაზიის თანამშრომელი ნინო ყიფიანი და მუნიციპალური საცურაო აუზის თანამშრომელი ლალი ელანდიშვილი. 
  • N3 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ქარელის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი დავით ყიფიანი იქნება. ამავე უბანზე კომისიის წევრებად შეარჩიეს კულტურის სახლის თანამშრომელი მურად საზანდრიშვილი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირმა ძირტკბილაშვილი და ტურიზმის ცენტრის თანამშრომელი თეკლა თოთლაძე. 
  • N32 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარედ  საბავშვო ბაღის დირექტორი ინგა ეგნატაშვილი შეარჩიეს;
  • N34 საარჩევნოს უბნის კომისიის თამჯდომარის მოადგილე მერიის თანამშრომელი ნათია დულარიძე იქნება. მდივნად კი კულტურის სახლის ცეკვის მასწავლებელი მაია სუმბათაშვილი დანიშნეს. 

ანალოგიური ვითარებაა სოფლებში გასახსნელი საარჩევნო უბნების კომისიის შემადგენლობებშიც. მაგალითად:

  • სოფელ ლეთეთში კომისიის თავმჯდომარე მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი თამაზ ვალიშვილი იქნება;
  • ქვენატკოცის უბანზე კომისიას სკოლის დირექტორი ცირა თურმანიძე უხელმძღვანელებს;
  • ბრეთის საარჩევნო უბანს საღოლაშენის სკოლის დირექტორი გალინა ხუციშვილი უხელმძღვანელებს;
  • არადეთის საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარედ საღოლაშენის სკოლის მასწავლებელი მაია ტიტვინიძე შეარჩიეს. 

ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საუბნო კომისიის წევრების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი მათი კვალიფიკაცია იყო. 

კომისიებში წარმოდგენილი პირები საჯარო მოხელეები თუ სკოლის პედაგოგები შერჩეული იქნა მათი უნარების და კომპეტენციის მიხედვით. ახალი რეგულაციების მიხედვით, მათ მოეთხოვებათ შესაბამისი სერტიფიკატი. ამიტომ მათ, ვინც არჩეული იქნა კომისიებში, გამოცდების ჩაბარებით დაადასტურეს თავიანთი კომპეტენცია და მიიღეს სერთიფიკატები. ჩვენ მათი არჩევის დროს ვიხელმძღვანელეთ როგორც პროფესიონალიზმით, ასევე მათ მიერ წარმოდგენილი სერტიფიკატით“, – გვითხრა ზაზა ნადირაძემ.

მისივე ცნობით,  საოლქოში სულ 282 განაცხადი იყო წარდგენილი და მათგან 280 შეირჩა კომისიის წევრად ან თავმჯდომარედ. 

| “ეს არის კარგად დაორგანიზებული სქემა”

ეს არის კარგად დაორგანიზებული სქემა, – ასე აფასებს საუბნო კომისიების დაკომპლექტების ფორმას ვასიკო ბაქრაძე, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი. 

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ინტერესში არაა, რომ კომისიები ნეიტრალური წევრებით დაკომპლექტდეს. 

“პედაგოგები, ბაღის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები კომისიებში ვითომ შემთხვევით ხვდებიან, თუმცა ეს ყველაფერი ორგანიზებული. ორგანიზებულად იქმნება საერთო სია, სადაც ჩასმულები არიან ზემომთ აღნიშნული პირები. არ არსებობს ნეიტრალური კომისიის წევრი, რადგან ყველა კომისიის წევრი არის პარტიული აქტივისტი და დასაქმებული პირი. უბანზე მათი მოვალეობაა, რომ ყველა დავალება ულაპარაკოდ და ზედმიწევნით შეასრულონ. ბევრს შეიძლება სულ არ უნდოდეს კომისიაში ყოფნა, მაგრამ ავალდებულებენ ამის გაკეთებას”.

“ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს”

კოალიციის “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ამ შემთხვევაშიც იმ ადამიანების შემოკრებას ცდილობს, ვინც ფინანსურად ქვეყნის ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

ზურა ლეკიშვილის თქმით, საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულ ადამიანებს მმართველი პარტიისთვის ღიად წინააღმდეგობის გაწევა უჭირთ, რასაც ხელისუფლება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. 

“ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურს. სკოლის და საბავშვო ბაღის თანამშრომლები იძულებულები არიან არჩევნების დღეს იყვნენ საარჩევნო კომისიებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია დაკარგონ სამსახურები. ჩვენი კოალიციის აზრით, მასწავლებლების ჩართვა საარჩევნო საქმიანობაში არ უნდა ხდებოდეს – მასწავლებლები უნდა იყვნენ თავისუფლები”.

“საარჩევნო კომისიების შემადგენლობა ვერ შეცვლის ქართველი ხალხის არჩევანს”

ხალხის ნების შეცვლა მათ არ შეუძლიათ, – ამბობს ქარელის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მარიამ ქელეხსაშვილი. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ცდილობს საარჩევნო უბნებზე სრული კონტროლი ჰქონდეს, არჩევნების შედეგებს მაინც მოქალაქეთა მაღალი აქტივობა განსაზღვრავს. 

“კომისიის წევრებად დანიშნეს სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, საბავშვო ბაღების თანამშრომლები. ასევე, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ისეთი ახლო ნათესავებიც, ვისაც საუბნო საარჩევნო კომისიაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. მაგრამ ამით ხალხის ნებას ვერ შეცვლიან. ჩვენი საზოგადოება მკაფიოდ და ცალსახად დააფიქსირებს თავის აზრს, და უარს ეტყვის რუსულ მთავრობას”. 

ინფორმაციისთვის, 26 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტში სულ 35 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი