“შევუერთდი ძალიან მაგარ გუნდს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, ეს გადაწყვეტილება მიიღოს“, – ეს იყო პირველი კომენტარი, რომელიც ოლიმპიურმა ჩემპიონმა პოლიტიკაში წასვლის შემდეგ გააკეთა. გენო პეტრიაშვილი “ქართულ ოცნებას” შეუერთდა. ის პარტიული სიის მეათე ნომერი იქნება და პარლამენტში მოხვედრისთვის იბრძოლებს.
პეტრიაშვილის ამ გადაწყვეტილების გამო, გულშემატკივრების უმრავლესობა იმედგაცრუებული, რაც საჯაროდ დაწერილ გამოხმაურებებშიც ჩანს.
“სპორტს საერთოდ აღარ ვუყურებ. როგორ გამიხარდა გენომ რომ მოიგო ოლიმპიადა, მაგრამ რა გამოვიდა?!”
“რა უნდა პოლიტიკაში, სპორტსმენის სახელის ტარება ჯობია თუ 41-ის?”.
გულშემატკივრები პეტრიაშვილს ურჩევენ გადაწყვეტილება შეცვალოს და ხალხის საყვარელ სპორტსმენად დარჩეს.
“გენო, კიდევ გაქვს დრო.”
“ეჰ, პოლიტიკამ სპორტსმენების ჭამა დაიწყო.”
“ეჰ გენო, გენო, დამწყდა გული. არ ველოდი ნამდვილად.”
“ნორმალური ადამიანი, მსოფლიოს, ევროპის, ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც მთელი ერი გაფასებს ქოცებს გაეკარებოდა? ქოცებს კი არა საერთოდ პოლიტიკას?” – წერენ გულშემატკივრები.
პეტრიაშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.
“სამწუხაროა, რომ პეტრიაშვილი ოლიმპიადიდან პირდაპირ პოლიტიკაში წავიდა. ვფიქრობ, სპორტულ ცხოვრებასთან ერთად, ის ხალხის სიყვარულსაც დაკარგავს. ვხედავთ მის გულშემატკივრებს, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან მისი გადაწყვეტილებით. ის ვერაფერს ვერ გააკეთებს პოლიტიკაში, იქნება კიდევ ერთი მორჩილი მონა, რომელიც ჩადგება არა ქართულ, არამედ რუსულ სამსახურში“, – ამბობს თეონა ფანქველაშვილი.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, პეტრიაშვილი ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ დადგა.
“სულ რაღაც ერთი თვის წინ თეატრის სკვერში მას დავხვდით, მიხაროდა მისი დანახვა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანი აღმოჩნდა ქვეყნის მოღალატეების, ქვეყნის რუსეთში ჩამთრევების გვერდით. დღეს გვეუბნება, რომ ეამაყება ამ გუნდის გვერდით დგომა, მაგრამ ისტორია ყველაფერს შეინახავს. სამწუხაროა, რომ ადამიანმა, რომელმაც თავისი ცხოვრება შეალია საკუთარი სახელის და კარიერის შექმნას, ეს თავისივე ხელით დაასამარა“, – ამბობს ლაშა ჯიოშვილი.
პეტრიაშვილის გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, “ქართული ოცნება” არჩევნების მოსაგებად სპორტსმენების ავტორიტეტს იყენებს.
“მე მისი გულშემატკვარი ვიყავი, როგორც სპორტსმენის და გული დამწყდა მისი პოლიტიკაში ხილვით, მითუმეტეს ისეთ პარტიასთან, როგორიც “ქართული ოცნებაა”. რუსული კანონის მიღების შემდეგ, მათ გვერდით ყოფნა, თუ ამ ადამიანისთვის საამაყოა, მაშინ ეს უდიდესი იმედგაცრუებაა. ეს პარტია მხოლოდ იყენებს მას და მის ავტორიტეტს. დასანანია, თუ ამას ვერ ხვდება“, – ამბობს გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ქეთი გოგიაშვილი.
შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ 10 სექტემბერს, საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა. სიაში გენო პეტრიაშვილთან ერთად, კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც არის.