ჩვენი მოსახლეობის სიმწრით გადახდილ გადასახადებს, “ქართული ოცნება” არაეფექტურად და არაჯეროვნად ხარჯავს, – ამბობს გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბექა ქორჩილავა.
ქორჩილავა “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ღონისძიებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ხალხის გადახდილი გადასახადებიდან შევსებულ ბიუჯეტს არაეფექტურად ხარჯავს.
“ჩვენი მოსახლეობის სიმწრით გადახდილ გადასახადებს, “ქართული ოცნება” არაეფექტურად და არაჯეროვნად ხარჯავს. ცდილობენ ამ ტაშფანდურით და ამ ღონისძიებებით როგორმე გადაფარონ ის მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოშია. ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების გადინება ხდება ქვეყნიდან, იზრდება სოციალურად დაუცველთა რიცხვი და ამ ყველაფერს “ქართული ოცნება” პასუხობს რუსული კანონით და კონცერტებით. ამ ღონისძიებებით ამ ფსევდოპატრიოტული ქმედებებით, ბიძინა ივანიშვილი და ჯიბის პარტიის წარმომადგენლები საზოგადოებას აბუჩად იგდებენ“, – ამბობს ქორჩილავა.
ცნობისთვის, 4 სექტემბერს გორში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება. პარტია მუსიკალური ღონისძიებების მოწყობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.