გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის სკოლების ენერგოეფექტურობის განახლებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
სამუშაოების შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდს სურს და ეძებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაობს შეასრულებენ.
მუნიციპალური ფონდის ინფორმაციით, საქართველომ დაფინანსება მიიღო სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისგან მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები სწორედ მერეთის და სიმონიანთხევის სკოლებში ჩატარდება.
მუნიციპალურ ფონდს განსაზღვრულია აქვს სამუშაოებიც, რაც შერჩეულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს.
“დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და კონსტრუქციული მთლიანობის გამაგრების, შენობის კონვერტის თერმული მახასიათებლების გაუმჯობესების და შენობის სისტემების ენერგო ეფექტურობის განახლების სამუშაოების შესრულება გორის მუნიციპალიტეტის მერეთის სკოლაში”, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრულია 7 800 000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, საქართველოსა და “სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციას” (NEFCO) შორის ხელშეკრულება 2018 წელს დაიდო. შეთანხმების საფუძველზე, კორპორაცია ქვეყანას ფინანსური რესურსებით ეხმარება, რათა ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროები დანერგოს.