სურამში ჩამოინგრა სამუსიკო სკოლის შენობის ნაწილი და როგორც ადგილობრივები ამბობენ, არის დანარჩენი შენობის ჩამონგრევის საშიშროებაც. ის, რომ შენობა ავარიულია, გასულ წელს სამხარეულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა. როგორც მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება ამბობდა, უნდა მომხდარიყო შენობის დემონტაჟი, სამუსიკო სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები კი ალტერნატიულ ფართში გადაიყვანა.
ექსპერტიზის დასკვნისა და ავარიულად გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, შენობის დემონტაჟი ჯერაც არ დაწყებულა.
“სურამში მუსიკალური სკოლა ჩამოინგრა, კერძოდ უკანა კედელი. საფრთხე ემუქრება იქაურ მოსახლეობას. აწვება გაზის მილს. მიუმართავთ მერიისთვის, მაგრამ არაფერი იმოქმედეს. გაზის მილებს აწვება. მეორე მხარეც დაინგრევა, გამოწეულია კედელი. ელოდებიან 112 -ს”, – წერდა ზაზა მეხრიშვილი, ხაშურელი სამოქალაქო აქტივისტი, შენობის ჩამონგრევი შესახებ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი.
“მარტო რენდერები და ფოტოები არაა საკმარისი, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვი დადის ამ ადგილას. მაინცდამაინც ვინმე უნდა მოიყოლოს? რა გახდა დემონტაჟი?!”, – ამბობს ქეთევან ადამია.
“დაინგრა! აღარ უნდა დემონტაჟის პროექტის შესყიდვა და 112 000 ლარის გადახდა. რაში იყრება უმიზნოდ ეს თანხები, ხომ შეიძლება უფრო სერიოზულად მიეხედოს საქმეს?! 2023 წელს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა, რომელიც ხალხმრავალ ადგილასაა, დღეს თავისით დაინგრა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის!”, – ამბობს ნანა მანაშვილი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დემონტაჟის სამუშაოები “უახლოეს პერიოდში” დაიწყება და ამისთვის შემსრულებელი კომპანიაც უკვე შერჩეულია, რომელსაც შენობის დემონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 112 000 ლარს გადაუხდიან.
ხაშურის მერიაში ასევე ამბობენ, რომ შემუშავებულია კონცეფცია, თუ როგორი იქნება შენობა, რომელშიც სურამის სამუსიკო სკოლა განთავსდება. მერიის ცნობით, რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა.
“გაცნობებთ, რომ უკვე დასრულებულია ტენდერი, რომლითაც სურამის კინოთეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. სურამის სამუსიკო სკოლა სწორედ აქ დაიდებს ბინას. რეაბილიტირებულ შენობაში გარდა სამუსიკო სკოლისა, გადავა სურამის ბიბლიოთეკაც. აქვე მოეწყობა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ოფისიც”, – განაცხადეს ხაშურის მერიაში.
აღნიშნულ ტენდერში კომპანიამ “კაიზენი” გაიმარჯვა და შენობის რეაბილიტაცია 1 941 410 ლარად იკისრა. სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოების პირველი ეტაპი 2024 წელს, ხელშეკრულების დადებიდან 91 კალენდარული დღეში უნდა დასრულდეს. მეორე ეტაპი კი, 2025 წლის 20 იანვრიდან 154 კალენდარულ დღეში.