“მიგრაციას შეაჩერებს სამუშაო ადგილების შექმნა” – განაცხადა პარტიის “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ადამიანები ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების გამო ტოვებენ, ეს პრობლემა კი ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნით უნდა მოგვარდეს.
“დავიბადეთ ქვეყანაში, რომელსაც არანაკლები მონაცემები აქვს, ვიდრე ნებისმიერ მდიდარ ევროპულ ქვეყანას, მაგრამ რატომღაც ვართ ღარიბები. რატომ ვართ ღარიბები? იმიტომ, რომ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის პროდუქცია სწრაფად გავიტანოთ ევროპაში. საქართველოში ყოველ ოჯახს ჰყავს ერთი ოჯახის წევრი უცხოეთში. სკოლაში მასწავლებელი მშობელს რომ დაიბარებს, ამ ბავშვს ან ჰყავს დედ-მამა საქართველოში კრებაზე რომ მივიდეს, ან არ ჰყავს. ეს ამბავი გასაჩერებელია და ამას გააჩერებს სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ, რომელიც შეიქმნებოდა რომ ყოფილიყო ანაკლიის პორტი, ის ქარხნები, რომ ყოფილიყო, რომელსაც დაგვპირდნენ, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ“, – განაცხადა დოლიძემ.
ის გორის მოსახლეობას კოალიციის “ძლიერი საქართველო” ლიდერებთან ერთად შეხვდა.