სტატიები

ატენში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება – საინფორმაციო შეხვედრა ამომრჩევლებთან

ატენი ერთ-ერთი სოფელია, სადაც წელს არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ამომრჩევლების ნაწილისთვის ეს ინფორმაცია სიახლეა. როგორც ისინი “მოზაიკას” ორგანიზებულ შეხვედრაზე აღნიშნავდნენ, მოახლოებული არჩევნების შესახებ სოფლად მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას მწირი ინფორმაცია აქვს. 

მე პირადად დღევანდელ შეხვედრაზე გავიგე, რომ ჩვენთან არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება. რას გულისხმობს ელექტრონული არჩევნები, ესეც არ ვიცოდი დეტალურად“, – აღნიშნა მაკა ფუხაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრაზე მონაწილეებს ელექტრონული არჩევნების შესახებ ინფორმაცია თეა თედლიაშვილმა, “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა მიაწოდა. 

წლევანდელ არჩევნებზე ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმას ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცემს. ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული წესით იქნება, ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა 1500 დან 3000 ამომრჩევლამდე. შესაბამისად, შეიძლება ამომრჩეველი წელს ხმას აღარ აძლევდეს იმავე შენობაში და იმავე საარჩევნო უბანზე, სადაც აქამდე აძლევდა ხმა. ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ წინასწარ იყოს გადამოწმებული“, – აღნიშნა შეხვედრაზე თეა თედლიაშვილმა. 

იურისტის შეხვედრის მონაწილეებს განუმარტა, რომ იმის გარკვევა, თუ რომელ უბანზე აძლევენ ხმას, ცესკოს ვებ.გვერდზე შეუძლიათ. 

რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონული კენჭისყრის შესახებ?

  • იმ უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონური წესით ტარდება, სამაგიდო სიები აღარ იქნება.
  • მარკირების შემდეგ, ამომრჩეველი გადაინაცვლებს ვერიფიკაციის სპეციალურ აპარატთან, სადაც რეგისტრაციას გაივლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გატარებით.
  • აპარატის მონიტორზე გამოჩნდება ამომრჩევლის ფოტო, რაც მეთვალყურეს შედარების შესაძლებლობას მისცემს.
  • ვინაობის ელექტრონულად დადასტურების შემდეგ, ამომრჩეველი მიიღებს ქაღალდის ბიულეტენს, რომელიც ჩვეულზე ოდნავ დიდი ზომისაა. ბიულეტენის მიღების შემდეგ, ამომრჩეველი გადაინაცვლებს საარჩევნო კაბინაში, სადაც მან სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ის წრე, რომლის გასწვრივაც მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის დასახელება წერია.
  • იმისთვის, რომ ხმის მთვლელმა ბიულეტენი ბათილად არ ჩათვალოს, წრე კარგად უნდა გაფერადდეს.
  • ამის შემდეგ, არჩევანის ფარულობისთვის, ბიულეტენი იდება სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში.
  • კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ხმის მთვლელ აპარატთან მიდის და მასზე კონვერტს ისე დებს, რომ ბიულეტენის ცარიელი მხარე იყოს ზევით.
  • აპარატი კონვერტიდან ოდნავ ამოწეული ნაწილით, ბიულეტენს ავტომატურად აგდებს მის ქვეშ განთავსებულ ურნაში.
  • რამდენიმე წამში აპარატის ეკრანზე ჩნდება წარწერა, რომ ბიულეტენი მიღებულია.
  • ამომრჩეველი უნდა დაელოდოს ამ წარწერას, რადგან შეიძლება, რომ აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია, რომ დაბრუნებული ბიულეტენი ხელმეორედ მოათავსოს აპარატში, თუმცა თუ ამომრჩეველი წარწერის გამოტანამდე დატოვებს საარჩევნო უბანს, მისი ხმა დაიკარგება.

საინფორმაციო შეხვედრა ატენში პროექტის “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფარგლებში მოეწყო. პროექტს “მოზაიკა” ფონდი “ტასოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.