ახალი ამბები

თელიანის დევნილთა დასახლებაში სამედიცინო ცენტრის გახსნას ითხოვენ

თელიანის დევნილთა დასახლებაში, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მოსახლეობა სამედიცინო ცენტრის გახსნას ითხოვს.

“16 წელი შესრულდა, რაც ჩვენი სახლ -კარი დავტოვეთ და თელიანში დევნილებისთვის აშენებულ კოტეჯებში ჩაგვასახლეს. ამ დღიდან მოყოლებული დასახლებაში სამედიცინო პუნქტის გახსნას ვითხოვთ“, – გვითხრა ლია ჯუღელმა. 

თელიანის დევნილთა ჩასახლებაში 54 ოჯახი ცხოვრობს. სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ადგილობრივებს კასპში ან გორში სიარული უწევთ. 

მოხუციც ბევრია და ბავშვიც, თუმცა არც აფთიაქი და არც სამედიცინო პუნქტი არაა. უცებ ბავშვი ცუდათ რომ გახდეს, პირველადი დახმარების აღმოჩენა ადგილზე უნდა იყოს შესაძლებელი. ამის გამო გორში ან კასპში გვიწევს სიარული. ძალიან უყურადღებოდ ვართ დარჩენილები ხელისუფლებისგან“, – აღნიშნა ჟუღელმა.

როგორც დევნილები ამბობენ, სამედიცინო პუნქტის გახსნა ასაკის თანმდევი სირთულეების გამო, განსაკუთრებით მოხუცებს სჭირდებათ.

მოხუცები გვყვავს დასახლებაში და მათი ყველას მოთხოვნაა, რომ სამედიცინო პუნქტი გაკეთდეს, მითუმეტეს რომ რამდენიმე შენობაა, რომლებსაც არანაირი დატვირთვა არ აქვს და უფუნქციოდ არის მიტოვებული“, – გვითხრა მარიამ კიკნაძემ.

როგორც სოფელში ამბობენ, სამედიცინო პუნქტის გახსნის საჭიროებაზე ხელისუფლებასაც ესაუბრნენ, თუმცა დაპირების მიუხედავად, კვლავ იგივე პრობლემის წინაშე არიან. 

დატოვეთ კომენტარი