სტატიები

დამატებით 30 მლნ ევროს სესხი ხაშურის წყალმომარაგებისთვის – რა ეტაპზეა პროექტი 

წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები ხაშურში ერთი წლის წინ დაიწყო. პროექტი, რომლის განხორციელებასაც ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება ხაშურელებს წლების განმავლობაში პირდებოდა, ჯერ არ დასრულებელა. პროექტის მიმდინარეობისას კი, მთავრობა საფრანგეთს დამატებით 30 მლნ ევროს სესხად სთხოვს.

ამავე თემაზე: ხაშურის წყალმომარაგებისთვის მთავრობა საფრანგეთს 30 მილიონ ევროს სთხოვს

დამატებითი ფინანსების საჭიროების და სესხის აღების შესახებ ხაშურის მერიაში ინფორმაცია არ აქვთ. მერის მოადგილემ “მოზაიკას” უთხრა, რომ დეტალები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გაერკვია.

“ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, მიმართეთ წყალმომარაგების კომპანიას, მაგ თანხას ხაშურის მერია არ ითხოვს”, – გვითხრა ზვიად ქურდაძემ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ამჟამად ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს მილების გამოცვლა, თუმცა დამატებით სესხის აღებაზე არც მათ იციან. როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ამ ეტაპზე ჯერ ისევ პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულდეს.

“მთელი ქალაქის წყლის სისტემის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი. ამჟამად მიმდინარეობს მილების ამოცვლა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. ჩვენ არ ვაკეთებთ”,- გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა, წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა. 

ხაშურში წყლის სისტემის მასშტაბური პროექტისთვის საერთაშორისო ტენდერი იყო გამოცხადებული, რომელშიც თურქულმა კომპანიამ “JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S.” გაიმარჯვა. კომპანიას სამუშაოები  52 108 564 ევროდ უნდა შეესრულებინა.

გარდა ამისა, აღნიშნული სამუშაოების ზედამხედველობისთვის შეირჩა ესპანური კომპანია, რომელმაც ეს მომსახურება 3 614 222 ევროდ უნდა გასწიოს. 

ხაშურის მერიის ცნობით, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს პერიოდულად ხვდებიან და პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ხუთი დღის წინ იყო.

“შეხვედრა პროექტის მიმდინარეობის დეტალების განხილვას, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას და პროექტში დეტალების კორექტირებას ემსახურებოდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში, თუმცა უწყებას არ აქვს დაკონკრეტებული, რა სახის ცვლილებები შევიდა პროექტში. 

მერიის მიერ თავდაპირველად გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, პროექტი რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აშენდება წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი. 2025 წლის ბოლოდან კი დაგეგმილია ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

სამუშაოების დაწყების ეტაპზე, ინფორმაცია დამატებითი სახსრების საჭიროებაზე არ გაჟღერებულა, თუმცა პროექტის დაწყებიდან ერთ წელში, საქართველოს მთავრობა 30 მილიონი ევროს დამატებას ითხოვს. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უკვე მისცა. მთავრობა აღნიშნულ ვალს 20 წლის ვადით, 5 წლიანი საშეღავათო პერიოდით იღებს. 

ინფორმაციისთვის, ხაშურის მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. მერიის ცნობით, მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა, დაახლოებით 30 000 ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.