ახალი ამბები

რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევდა – ხაშურის მერია

ხაშურის მერიაში რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის საკითხზე იმსჯელეს. მერთან შეხვედრას, შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირებთან ერთად, ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის, მცირე ბიზნესის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

როგორც შეხვედრის შემდეგ, ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მხარეებმა მოძრაობის დარეგულირების სხვადასხვა ვერსიები განიხილეს. 

როგორც მუნიციპალიტეტის, ისე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უპირველესი პრიორიტეტი მოქალაქეთა უსაფრთხოება იქნება. აღსანიშნავია, რომ ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემდეგ რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი მაშინ, როცა ორმხრივი მოძრაობისას თითქმის ყოველკვირეულად ავტოსაგზაო შემთხვევებს ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.

“მსჯელობა გაგრძელდება. შეხვედრის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეთა აზრის მაქსიმალური გათვალისწინებით და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვით იმოქმედებენ. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით ავტომობილების რაოდენობა ხაშურში 2000 ერთეულით არის გაზრდილი, რაც გავლენას ახდენს მოძრაობის ინტენსივობაზე.”

შეგახსენებთ, რომ ხაშურელები რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს და მერიაში წარადგინეს. 

ამავე თემაზე: ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ითხოვენ

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი