ფინეთში, საერთაშორისო ფესტივალში “მეცნიერება მთავარ როლში” შიდა ქართლიდან ორი სკოლა მონაწილეობს. გორის N8 და ტინისხიდის საჯარო სკოლის მასწავლებლები ფესტივალზე იმ პროექტებს წარადგენენ, რომლებზეც მოსწავლეებთან ერთად იმუშავეს.
“საინტერესო პროექტები, ვორქშოფები და ბევრი დადებითი ემოციაა. გარემო უამრავ საინტერესო იდეას გკარნახობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საინტერესო ადამიანები და პროფესიული კავშირების გაჩენის შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებთან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულო, რომ დელეგატებს შორის საქართველოდან მეც ვარ და წარმოვადგენ გორის N8 საჯარო სკოლას პროექტით “დარგე ემოცია”, – ამბობს მე-8 სკოლის პედაგოგი, ნინო ფსუტური.
ნინო ფსუტურის მიერ ფესტივალზე წარგენილი პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მაკულატურისგან ამზადებენ ღია ბარათებს, რომელშიც მიმობნეულია ყვავილის თესლი და დარგვის შემდეგ მისგან ახალი მცენარე ამოდის.
რაც შეეხება ტინისხიდის საჯარო სკოლას, მას ფესტივალზე მაკა მაკარიძე წარადგენს. როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, კოლეგებს იმ კვლევით პროექტს უზიარებს, რომლითაც მოსწავლეებთან ერთად, ნიადაგის მჟავიანობა გაზომა.
“ჩვენმა მოსწავლეებმა შეაგროვეს მეორადი ქაღალდი. გამომუშავებული ფულით ხის ნერგები იყიდეს და სკოლის ბაღში დარგეს. ხეები გაიზარდა, მაგრამ უფრო ნელა, ვიდრე ველოდით. ამიტომ, ნიადაგის თვისებების შესწავლა გადავწყვიტეთ. ჩვენ გავზომეთ ნიადაგის მჟავიანობა, რადგან იგი ნიადაგის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. გაზომვა ასე ჩავატარეთ: ავიღეთ ნიადაგი, გავხსენით წყალში, გავფილტრეთ და გავზომეთ მჟავიანობა ლაკმუსის ქაღალდით და ph-მეტრით. ასევე, მრავალფეროვნებისთვის, გავაკეთეთ მჟავის ფუძით გატიტვრაც. რა თქმა უნდა, ეს ცდები რამდენჯერმე გავიმეორეთ. მიღებული შედეგით ჩვენი ნიადაგის მჟავიანობა 6,5-ია. სწორედ ამ კვლევითი პროექტით ვმონაწილეობ ამ ფესტივალში”, – გვითხრა მაკა მაკარიძემ.
ფესტივალში დელეგატები 35 ქვეყნიდან მონაწილეობენ. “მეცნიერება მთავარ როლში“ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელია, რომელშიც 30 ქვეყანაზე მეტია გაერთიანებული. საქართველოში Science on Stage -ის ოფიციალური წარმომადგენელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS-ია .