“გორმედი” მშობირე ქალის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც პაციენტის მდგომარეობა საკეისრო კვეთის დროს დამძიმდა. კლინიკის განცხადებით, პაციენტი ახალგაზრდა ქალი სამშობიაროში დაწყენული მშობიარობით შეიყვანეს.
“პაციენტი სამშობიარო ცენტრში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს. მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც. ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“გორმედის” ინფორმაციით, საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი. ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კლინიკის განცხადებით, მომხდარს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იკვლევს.
“სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უკვე იკვლევს შემთხვევას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “გორმედის” სამშობიაროში 30 წლამდე ასაკის მშობიარე ქალი გარდაიცვალა.