სტატიები

გორში, კვერნაქის დასახლებაში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტზე მუშაობა გრძელდება

გორში ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა.

როგორც ცნობილია აღნიშნული ნაგავსაყრელი მოემსახურება ერთდროულად, 8 მუნიციპალიტეტს.  მოსახლეობა ამ ამბავს უარყოფითად შეხვდა. მოქალაქეებმა  ნაგავსაყრელის მშენებლობის წინაღმდეგ  აქციაც გამართეს. 

მაშინ კვერნაქის დასახლებაში მცხოვრებლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები დაპირდნენ, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობასან დაკავშირებით დაწყებული პროცედურები შეჩერდებოდა, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობის დასაწყებად შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს. 

აღნიშნული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა გაავრცელა. 

“კვერნაკის აქციაზე გასულ ხალხს, ხომ დაგვპირდა მერია და გუბერნია, შევაჩერეთ ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურებიო? აი, ბატონო ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი, რომ არაფერი შეჩერებულა და გრძელდება როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ისე მზადება შესაბამისი ნებართვების მისაღებად. არც ლოკაციის შეცვლას განიხილავენ, თავზე უნდა გვაყარონ აღმოსავლეთ საქართველოს ნაგავი”, – წერს ლექსო მერებაშვილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გორში არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც 1966 წლიდან არსებობს,  ახლის აშენების შემდეგ, დაიხურება. 

“ამჟამად, გორის არსებულ ნაგავსაყრელზე ტარდება კეთილმოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის პერიოდულად ჩატარება აუცილებელია ობიექტის გამართული ფუნქციონირებისთვის, თუმცა ხაზგასასმელია, რომ სწორედ ნაგავსაყრელის დახურვის საჭიროების გათვალისწინებით ხორციელდება არასახიფათო ნარჩენების ობიექტის აშენებისთვის საჭირო ღონისძებები”, – ნათქვამია სამინისტროს წერილში. 

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია 299 976 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს გორში, კვერნაქის დასახლებაში, ამჟამინდელი ნაგავსაყრელის მიმდებარედ ფლობს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული უძრავი ქონება ახალი ნაგავსაყრელის ასაშნებელად გადაეცა. 

ამავე თემაზე: რეგიონული ნაგავსაყრელი გორში – რა იგეგმება და რას ითხოვენ ადგილობრივები?

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.