ახალი ამბები

პროკურატურამ ატენში მომხდარი ცემის ფაქტზე, ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა

მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა. 

უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო ი.ბ., თუმცა მან აღნიშნულის შესახებ შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა. ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) დაუსწრებლად წარედგინა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

პროკურატურა ი.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციისთვის, 29 ივლისს, სოფელ ატენში მეზობლის ცემის გამო, ერთი პირია დაკავებული. მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ამავე თემაზე: სახლში შეუვარდნენ და სცემეს – რას ჰყვებიან ატენში 40 წლამდე მამაკაცის ცემაზე? 

ატენში 40 წლამდე მამაკაცის ცემისთვის სამართალდამცავია დაკავებული 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.