ახალი ამბები

სახლში შეუვარდნენ და სცემეს – რას ჰყვებიან ატენში 40 წლამდე მამაკაცის ცემაზე? 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ჩხუბის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ის ამ დრომდე სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც საავადმყოფოში გვითხრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარება კრიტიკულად მძიმეა.

პაციენტს მკურნალობა უტარდება სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკაში შემოყვანისას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია“, – გვითხრეს სამხედრო ჰოსპიტალში. 

მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. უწყების ცნობით, თანასოფლელის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს. 

ამავე თემაზე: ატენში 40 წლამდე მამაკაცის ცემისთვის სამართალდამცავია დაკავებული 

დაკავებული 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორია“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. 

თუმცა როგორც “მოზაიკას” სოფელში ეუბნებიან, ფიზიკურ დაპირისპირებაში კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა. 

ორივე ერთად შეუვარდა სახლში და იქ სცემეს. მეუღლეც შეესწრო. როგორც ჩანს, დაკავებული ვინცაა, ის ცდილობს, რომ დანაშაული საკუთარ თავზე აიღოს, რათა ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაცია არ მიეცეს“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

სოფელში ამბობენ, რომ დაზარალებულს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ასევე, აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელები მოგვარეები არიან. 

“მეორე ვინც იყო, ახლახანს გამოვიდა ციხიდან. დაკავებულის მოგვარეა, შესაძლოა ნათესავიც.”

მეზობლები ამბობენ, რომ დაზარალებული იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილის ძმაა. 

დატოვეთ კომენტარი