სტატიები

“ძველი მასალით აკეთებენ” – როგორ მიმდინარეობს ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციის 2-მილიონიანი პროექტი

ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება, – უთხრეს “მოზაიკას” ხაშურის მერიაში. უწყების განმარტებით, პროცესი გეგმისამებრ მიმდინარეობს, თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის მტკიცებით, შენობის რეაბილიტაციისთვის ძველ მასალას იყენებენ და ახალს ყიდიან. 

ინფორმაცია მქონდა, რომ კულტურის სახლის სახურავზე რაც იყო გათვალისწინებული პროექტში, კოჭი და ფიცარი მხოლოდ ნაწილობრივ ამოიცვალა, დანარჩენი გაყიდეს. ადგილზეც ვიყავი და ვნახე“, – წერს ზაზა მეხრიშვილი. 

მისი თქმით, მიმდინარე სამუშაოები იმ კომპანიის წარმომადგენელმა დაათვალიერებინა, რომელმაც ტენდერი მოიგო. 

მოვუყევი სახურავის ამბავიც და მითხრა, რას ამბობ, ტყუილიაო. სახურავს ორი შესასვლელი აქვს, ჩვენ მესამე სართულიდან ავედით. კარი რომ გამოაღო, დავინახე დიდი სამშენებლო ნარჩენების გორები, ნაგავი. ფიცრებს და კოჭებს დავაკვირდი, ისევ ძველი იყო მეტი წილი. როცა ვკითხე ამ ნაგავზე, ასე მითხრა ეს ჩვენ არ გვეხება, ასე იყოო, თან ძველ ფიცარზე და კოჭზე მეუბნებოდა, სულ საღია ყველა ფიცარიო. დაბლა რომ ჩამოვედი, ერთ ზედამხედველს ვკითხე, რატოა ნაგავი და სამშენებლო ნარჩენი სახურავზე-თქო და ასე მიპასუხა, ეგ შენობის დათბუნებისთვისო“, – ამბობს მეხრიშვილი. 

მისი თქმით, ვითარების შესახებ ინფორმაცია მიწოდებული აქვს ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისთვისაც. 

დიდი ალბათობით, გარიგებულები არიან კომპანიებთან, ფულს შოულობენ და აღარავინ ამოწმებს არაფერს. თვალს უხუჭავენ ყველაფში ამ თაღლით კომპანიებს. ბატონი მერი თენგიზ ჩიტიაშვილი თავის ზემდგომებს არწმუნებს, რომ ხაშურში ყველაფერი კარგადაა, მას ამ ინფორმაციას ზვიად ქურდაძე და გიორგი პაპუაშვილი აწვდის, ანუ ატყუებენ“, – წერს ამავე საკითხზე მეხრიშვილი სოციალურ ქსელში. 

ხაშურის მერიაში, ობიექტის სრულყოფილად და გეგმისამებრ რეაბილიტაციას იმ კომპანიის პასუხისმგებლობად თვლიან, რომელიც ამ სამუშაოების ზედამხედველობისთვის დაიქირავეს. 

კულტურის სახლის რეაბილიტაცია გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესზე ზედამხედველობას ანხორციელებს მერიის მიერ დაქირავებული კომპანის შპს “ოპტიკა გრუპ+”, რომელიც ვალდებულია მერიასთან და სახელმწიფოსთან, რომ ობიექტი ჩაიბაროს სრულყოფილად საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად“, – გვითხრა ხაშურის გიორგი პაპიაშვილმა, ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა. 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციას კომპანია “სათავე +” აკეთებს, რომელიც ბიუჯეტიდან 1 806 248 ლარს მიიღებს, რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობას, ამისთვის ხაშურის მერიას შპს “ოპტიმალ გრუპი +” ჰყავს დაქირავებული, რომელიც 3 წლის განმავლობაში ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუსტურული სამუშაოების მონიტორინგისთვის ბიუჯეტიდან 1 750 000 ლარს იღებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი