სტატიები

ვინ სარგებლობს გადასატანი ყუთით და რა დარღვევებზე საუბრობენ მოქალაქეები? 

გადასატანი ყუთი  ხშირად გაყალბების და ამომრჩეველზე ზეწოლის მექანიზმია  – ამბობენ მოქალაქეები, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება აქვთ. როგორც ისინი აღნიშნავენ, დარღვევებს აწყდებიან, როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს, ისე წინა პერიოდშიც, გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიის შედგენისას. 

ხშირად ეს სია ისე დგება, რომ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს შეეზღუდოთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, – ამბობენ მოქალაქეები. 

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადასატანი ყუთით სარგებლობა უბნის ამომრჩეველთა რაოდენობის 3%-ს შეუძლია, თუმცა ზოგიერთ უბანზე, გადასატანი ყუთით სარგებლობა გაცილებით მეტ ადამიანს სჭირდება. 

მაგალითად, ჩვენთან ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება და გადასატან ყუთზე არიან დამოკიდებულები. კომისიის წევრები კი წინასწარ ავსებენ ამ სიას, რამდენიც არის დაშვებული და რეალურად ვისაც სჭირდება, ისინი ვეღარ სარგებლობენ ამ სერვისით. გადასატანი ყუთის სიებში საკუთარი მხარდამჭერი შეჰყავთ. ჩვენს უბანზე 900 ამომრჩეველია, ანუ გადასატანი ყუთის სიაში 27- მდე ადამიანი ხვდება“, – გვითხრა ლილი ფიცხელაურმა, რომელიც ხურვალეთში ცხოვრობს. 

მსგავსი შემთხვევების შესამცირებლად კომისიის წევრების აქტიურობას მიიჩნევენ საჭიროდ ის ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს უკვე წლებია აკვირდებიან. მაგალითად, “სამართლიანი არჩევნების” იურისტი თეა თედლიაშვილი ამბობს, რომ სიის შედგენის პროცესი აუცილებლად ობიექტურად და გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა წარიმართოს. 

აუცილებელია, რომ სიაში ადამიანების შეყვანა არ მოხდეს პარტიული სიმპატიების მიხედვით. ეს უნდა უზრუნველყოს კომისიამ. მისმა წევრებმა უნდა გადაამოწმონ და იზრუნონ იმაზე, რომ გადასატანი ყუთით სარგებლობის უფლება მიეცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ ის“, – აღნიშნა თეა თედლიაშვილმა. 

ე.წ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს 09:00 საათიდან იწყება და 19:00 საათზე დასრულდება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.

დაარღვევები საარჩევნო ყუთთან დაკავშირებით, სოფელ ხურვალეთში დამკვირვებლებს არჩევნების დღესაც დაუფიქსირებიათ. 

მივიდნენ ამომრჩეველთან, არ დახვდა სახლში, რადგან საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და მის ნაცვლად შვილიშვილმა მისცა ხმა. ერთხელ პირადობა ვერ იპოვა ამომრჩეველმა, გადასატან ყუთს მეზობელი ახლდა და იმან პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინა ხმა. მმართველი ძალა ყველაფერს კადრულობს, რომ გადასატანი ყუთიც კი სათავისოდ გამოიყენოს და რა თქმა უნდა, ეს ახლა მაინც უნდა აღმოიფხვრას. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ამ არჩევნებს მასიურად დააკვირდნენ საჭირო ცოდნის მქონე, პრინციპული და მებრძოლი ადამიანები”, – გვითხრა ლუდა სალაიამ.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, არჩევნების დღეს გადასატანი ყუთით სარგებლობს ის ამომრჩეველი შეძლებს, რომელიც ცესკოს არჩევნების დღემდე 11 დღით ადრე მიმართავს. 

ვის შეუძლია გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა? 

გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა შეუძლიათ იმ ამომრჩევლებს

  • რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კენჭისყრის შენობაში მისვლა არ შეუძლიათ;
  • რომლებიც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას;
  • რომლები წვანან სამკურნალოდ საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში საარჩევნო უბანი არ იხსნება.
  • რომლებიც მსახურობენ საარჩევნო უბნიდან შორს განლაგებული სახელმწიფო საზღვრის სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში;
  • რომლებიც  იმყოფებიან პატიმრობაში, მათ შორის ადმინისტრაციულ პატიმრობაში;
  • რომლებიც არიან თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები, და რომლებიც კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაო ადგილს ვერ ტოვებენ.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ყველა პროცედურა ვრცელდება, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასთან. იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებებიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.