სტატიები

“მოზაიკამ” საარჩევნო უფლებების შესახებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო 

რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების და საკუთარი უფლებების შესახებ? – ამ საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, “მოზაიკამ” საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. 

ჩვენი შეხვედრების მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ელექტრონული კენჭისყრის და ამომრჩეველთა უფლებების შესახებ. პროექტის ფარგლებში, ვხვდებით სოფლად მცხოვრებ ქალებს და ვცდილობთ გავუზიაროთ ის ინფორმაცია, რომელიც მათ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობისა და საკუთარი უფლებების გააზრებაში დაეხმარებათ“, – ამბობს გვანცა დოლუაშვილი, “მოზაიკას” დირექტორი. 

შეხვედრები პროექტის “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფარგლებში იმართება. 

შევხვდით ხურვალეთელ, შინდისელ და ფხვენისელ ქალებს. ფაქტია, რომ ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მოახლოებული არჩევნების და საკუთარი უფლებების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველს შევხვდეთ პირისპირ და გავუზიაროთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ საკუთარი უფლებების და არჩევანის დაცვისთვის სჭირდებათ“, – ამბობს შეხვედრების ორგანიზატორი, თეონა ფანქველაშვილი. 

საინფორმაციო შეხვედრებს “სამართლიანი არჩევნების” იურისტი თეა თედლიაშვილი უძღვება. როგორც ის ამბობს, საზოგადოების დიდ ნაწილს ელექტრონული არჩევნების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

“2024 წლის შემოდგომაზე, ამომრჩევლების 90% პარლამენტს ელექტრონულად აირჩევს. ელექტრონული არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება ამომრჩევლების მხოლოდ იმ მცირე ნაწილს აქვს, ვინც 2018 წლის შემდეგ ჩატარებულ სხვადასხვა დონის არჩევნებზე, საპილოტო პროგრამისთვის შერჩეულ უბნებზე აძლევდა ხმას. შესაბამისად, საზოგადოების დიდ ნაწილს ელექტრონული არჩევნების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. სწორედ, ამ საინფორმაციო ვაკუუმის დასაძლევად არის საჭირო მსგავსი შეხვედრების ჩატარება“, – აღნიშნავს იურისტი. 

პროექტი “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფონდი “ტასოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.