სტატიები

“ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ მისი ერთი ხმა გადამწყვეტია” – გორში საინფორმაციო კამპანიის საჭიროებაზე იმსჯელეს

ყველა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ მისი ერთი ხმა გადამწყვეტია, – თქვა “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა თეა თედლიაშვილმა იმ შეხვედრის დაწყებისას, რომელიც დღეს გორში გაიმართა. 

იურისტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ის საკითხები გააცნო, რაზეც ამომრჩეველთა ინფორმირება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. 

მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა იცოდეს, რომ მისი ხმა არის ფარული და ნებისმიერ ერთ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყველა ამომრჩევლის აქტიურობა არის მნიშვნელოვანია ამ საპარლამენტო არჩევნებზე. არასამთავრობო სექტორი და აქტივისტები არიან მოტივირებულები იმისთვის, რომ გავიდნენ ველზე ამომრჩეველთან სასაუბროდ, არა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, არამედ იმისთვის, რომ რეალურად გაიაზროს ქართველმა ამომრჩეველმა არჩევნების მნიშვნელობა“, – აღნიშნა თედლიაშვილმა. 

შეხვედრას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მოქალაქეთა ნაწილს არ აქვს ინფორმაცია საარჩევნო უფლებებსა და პროცედურებზე, რაც ზრდის მათზე შემოქმედების რისკებს. 

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ თითოეული ხმა და თითოეულ მოქალაქეს ავუმაღლოთ ცნობიერება, როგორ უნდა მოიქცეს არჩევნებზე, რადგან ხშირად არ იციან, როგორ მოიქცნენ, როგორ შემოხაზონ და ასეთი მარტივი ტექნიკური საკითხები ხდება იმის არჩევნების გაყალბების საფუძველი“, – აღნიშნა მედეა პავლიაშვილმა, “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელმა. 

მოქალაქეეთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, წინასაარჩევნოდ აქტიურობას გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტებიც. 

ორი არჩევანი გვაქვს ან რუსეთი, ან ევროპა, ამიტომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას უდიდესი როლი გვაკისრია, რომ მივიდეთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და ხალხს ვუთხრათ, რომ მივიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ ევროპული და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო არჩევანი. ორგანიზაციებთან ერთად, ეს საინფორმაციო კამპანია უნდა გავწიოთ სამოქალაქო აქტივისტებმაც, ერთიანი ძალა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია“, – თქვა იოსებ ბაბაევმა.

შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის მომავალზე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.