ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორი და ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე ერთ-ერთია, ვინც “რუსული კანონს” მხარი დაუჭირა. ის “ქართული ოცნების” აქტიური შემწირველი, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი, პარტიის ინიციატივების ერთგული მხარდამჭერია.
რა უძრავ-მოძრავი ქონებაა ზაალ და ეკატერინე დუგლაძეების სახელზე?
ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ დუგლაძის და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონებები 2014 – 2019 წლებშია შეძენილი. 5 წელში, ზაალ და ეკატერინე დუგლაძეებმა სახლი, ავტოფარეხი და 7 მიწის ნაკვეთი შეიძინეს, რაშიც დაახლოებით 500 000 ლარი დახარჯეს.
- 2014 წელი: 176 000 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურებში;
- 2014 წელი: 3 000 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში;
- 2014 წელი: 5 880 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში;
- 2014 წელი: 4 534 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში;
- 2014 წელი: 2 587,8 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში.
- 2014 წელი: 3000 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში;
- 2014 წელი: 2 760 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში;
- 2017 წელი: 1428120 ლარად შეძენილი საცხოვრებელი სახლი თბილისში, მუხის ქუჩაზე;
- 2019 წელი: 22 880 დოლარად შეძენილი ავტოფარეხი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურებში.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უძრავი ქონებების შემდეგ, 2021 წელს, ზაალ დუგლაძის მეუღლემ 250 000 ლარად, MERCEDES GLE მარკის მსუბუქი ავტომობილიც იყიდა, თუმცა მისი შემოსავლები დეპუტატის არც ერთ დეკლარაციაში მითითებული არაა.
უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის პარალელურად, ზაალ დუგლაძემ ფულადი დანაზოგიც დააგროვა – 50 000 დოლარის და 150 000 ლარის ოდენობით.
მოგება ბიზნესიდან პარლამენტარობის პარალელურად
ამ წლების განმავლობაში, დუგლაძემ განავითარა ბიზნესიც, რომლის ერთ-ერთი მეწილე ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია. ამ კომპანიებისგან დუგლაძემ გასულ წელს შემოსავლის სახით დაახლობით 850 000 ლარი მიიღო.
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიიდან 652 296,52 ლარი (მეწილეები: დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი)
- შპს აისი ინკ-დან 195 757,57 ლარი ((მეწილეები: დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი)
აღსანიშნავია, რომ ამ ორი კომპანიის გასაძლიერებლად, დუგლაძემ სახელმწიფოსგან 4 580 311 ლარის სუბსიდია მიიღო.
- Შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ” სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამით, ყველა სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე უფრო ხშირად, ჯამში 45-ჯერ ისარგებლა და იაფი ფინანსური რესურსის სახით 4 335 895 ლარი მიიღო.
- შპს “აისი ინკ”-მა სახელმწიფოსგან 2-ჯერ მიიღო შეღავათიანი აგროკრედიტი, ჯამში 244 416 ლარის ოდენობით.
2020 წლიდან, ზაალ დუგლაძე ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი ყოველწლიური ხელფასი დაახლოებით 44 000 ლარია.
პარლამენტში მოხვედრამდე, ის “ქართული ოცნების” შემწირველი იყო – მას ჯამში პარტიისთვის 115 000 ლარი აქვს შეწირული. “ქართული ოცნების” შემწირველია მისი ძმა, დავით დუგლაძეც – მას პარტიისთვის ჯამში 222 000 ლარი აქვს შეწირული.