გორის რაიონულ სასამართლოში გორელი სამოქალაქო აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბრალდების მხარე ბაბაევისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა, რადგან პროკურატურის მტკიცებით არსებობდა ბაბაების მიმალვის საფრთხე, თუმცა სასამრთლომ არ გაითვალისწინა პროკურატურიდ მოთხოვნა და ბიზნესმენს 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
“მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მეკუთვნოდა არც პატიმრობა და არც გირაო, მაინც ვთვლი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ და მინიმალური გირაო შემიფარდა. ეს ჩვენ არ შეგვაჩერებს, სიმართლეს მაინც დავამტკიცებთ”, – განაცხადა იოსებ ბაბაევმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
ინფორმაციისთვის, სამოქალაქო აქტივისტსა და ბიზნესმენს, იოსებ ბაბაევს გამოძიება იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა. ბაბაევი სამართალდამცავებმა ერთი თვის წინ დააკავეს, თუმცა მოსამართლე ლევან დარბაიძემ იგი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რის გამოც ბაბაევს ბრალი ხელახლა წარედგინა, თუმცა მისი პატომრობის მოთხოვნა სასამართლომ არც ამჯერად დააკმაყოფილა.