ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონულ აჩევნებსა და ციფრულ უსაფრთხოებაზე? – საინფორმაციო შეხვედრა ქალებთან 

აქტიური მოქალაქეობა, ელექტრონული არჩევნები და ციფრული უსაფრთხოება – ამ საკითხებზე გორში საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, რომელსაც სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ქალები ესწრებოდნენ. 

საინფორმაციო შეხვედრები გორში პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში ეწყობა. პროექტს “მოზაიკა” ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით ახორციელებს.

შეხვედრის თემები შევარჩიეთ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, ვიცით, რომ ქალები წარმოადგენენ და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვაში წაადგებათ“, – აღნიშნა გვანცა დოლუაშვილმა, “მოზაიკას” ხელმძღვანელმა. 

საინფორმაციო შეხვედრას “სამართლიანი არჩევნების” იურისტი თეა თედლიაშვილი უძღვებოდა. მან მონაწილეებს დეტალურად აუხსნა, თუ რას გულისხმობს ელექტრონული კენჭისყრა და რა უფლებებით სარგებლობს ამომრჩეველი. 

ქალებთან ვისაუბრეთ არჩევნების მნიშვნელობაზე, თუ რამდენად აუცილებელია ყველა ადამიანი წავიდეს საარჩევნო უბანზე, რითაც ერთგვარად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის მმართველობაში. მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომელიც ელექტრონული წესით არჩევნებთან დაკავშირებით შევიდა ძალაში და შესაბამისად, ამ კუთხით მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ იცოდნენ, რა დახვდებათ საარჩევნო უბანზე, რა უფლებები აქვთ, როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მათი ხმა არ დაიკარგოს“, – გვითხრა თეა თედლიაშვილმა. 

შეხვედრის მეორე ნაწილი კი ციფრულ უსაფრთხოებაზე საუბარს დაეთმო, სადაც “მეტალაბის” დამფუძნებელი ნინო ჩიბჩიური მონაწილეებს კიბერუსაფრთოების მნიშვნელობასა და ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობებზე ესაუბრა. 

ქალებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებლებს, თუ როგორ დაიცვან ონლაინ სივრცეში თავი და როგორ გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები. ჩვენი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ მიგვეწოდებინა საბაზისო ინფორმაცია საწყის ეტაპზე, როგორ დაიცვან პირადი მონაცემები, როგორ არ შევიდნენ კომუნიკაციაში უცხო პირებთან და მანიპულაციის მსხვერპლნი არ გახდნენ. ეს ყველაფერი ქალებს დაეხმარებათ, რომ ისედაც შეზღუდულ გარემოში კიდევ უფრო მეტად არ შეილახოს მათი უფლებები“, – განმარტა ნინო ჩიბჩიურმა.

შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი საინფორმაციო აქტივობები დროული და აუცილებელია.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცედურებზე, ონლაინ უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ვინაიდან იმდენად ინფორმაცია ამ საკითხებთან არ აქვთ“, – აღნიშნა ლიკა ომაძემ. 

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგდა, სადაც დატანილი ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც ქალებს და გოგონებს ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონი უქმნით. 

პროექტს “ქალები საერთო მიზნისთვის” “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით. 

დატოვეთ კომენტარი