2024 წლის შემოდგომაზე, ამომრჩევლების 90% პარლამენტს ელექტრონულად აირჩევს. ელექტრონული არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება ამომრჩევლების მხოლოდ იმ მცირე ნაწილს აქვს, ვინც 2018 წლის შემდეგ ჩატარებულ სხვადასხვა დონის არჩევნებზე, საპილოტო პროგრამისთვის შერჩეულ უბნებზე აძლევდა ხმას. შესაბამისად, საზოგადოების დიდ ნაწილს ელექტრონული არჩევნების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“სწორედ ამიტომ დავიწყეთ შეხვედრები იმ ქალებთან, რომლებთანაც სხვადასხვა პროექტების ფარგლებში გვითანამშრომლია. ჩვენი მიზანია მათ მივაწოდოთ ინფორმაცია ელექტრონული კენჭისყრის შესახებ და დავეხმაროთ პასუხი გასცენ ყველა იმ კითხვას, რაც შესაძლოა მოახლოებული არჩევნების შესახებ ჰქონდეთ“, – ამბობს გვანცა დოლუაშვილი, “მოზაიკას” დირექტორი.
ორგანიზაცია შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალებისთვის მართავს. შეხვედრებს კი “სამართლიანი არჩევნების” იურისტი თეა თედლიაშვილი უძღვება.
“წლევანდელ არჩევნებზე ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმას ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცემს. ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემა ელოქტრონული წესით იქნება, ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა 1500 დან 3000 ამომრჩევლამდე. შესაბამისად შეიძლება ამომრჩეველი წელს ხმას აღარ აძლევდეს იმავე შენობაში და იმავე საარჩევნო უბანზე, სადაც აქამდე აძლევდა ხმა.ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ წინასწარ იყოს გადამოწმებული“, – აღნიშნა შეხვედრაზე თეა თედლიაშვილმა.
იურისტის თქმით, აუცილებელია, რომ ამომრჩევლებმა კენჭისყრის დღემდე გაარკვიონ, თუ რომელ უბანზე აძლევენ ხმას. ამისთვის მათ შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებ.გვერდით.
რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონული კენჭისყრის შესახებ?
- იმ უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონური წესით ტარდება, სამაგიდო სიები აღარ იქნება.
- მარკირების შემდეგ, ამომრჩეველი გადაინაცვლებს ვერიფიკაციის სპეციალურ აპარატთან, სადაც რეგისტრაციას გაივლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გატარებით.
- აპარატის მონიტორზე გამოჩნდება ამომრჩევლის ფოტო, რაც მეთვალყურეს შედარების შესაძლებლობას მისცემს.
- ვინაობის ელექტრონულად დადასტურების შემდეგ, ამომრჩეველი მიიღებს ქაღალდის ბიულეტენს, რომელიც ჩვეულზე ოდნავ დიდი ზომისაა.ბიულეტენის მიღების შემდეგ, ამომრჩეველი გადაინაცვლებს საარჩევნო კაბინაში, სადაც მან სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ის წრე, რომლის გასწვრივაც მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის დასახელება წერია.
- იმისთვის, რომ ხმის მთვლელმა ბიულეტენი ბათილად არ ჩათვალოს, წრე კარგად უნდა გაფერადდეს.
- ამის შემდეგ, არჩევანის ფარულობისთვის, ბიულეტენი იდება სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში.
- კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ხმის მთვლელ აპარატთან მიდის და მასზე კონვერტს ისე დებს, რომ ბიულეტენის ცარიელი მხარე იყოს ზევით.
- აპარატი კონვერტიდან ოდნავ ამოწეული ნაწილით, ბიულეტენს ავტომატურად აგდებს მის ქვეშ განთავსებულ ურნაში.
- რამდენიმე წამში აპარატის ეკრანზე ჩნდება წარწერა, რომ ბიულეტენი მიღებულია.
- ამომრჩეველი უნდა დაელოდოს ამ წარწერას, რადგან შეიძლება, რომ აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია, რომ დაბრუნებული ბიულეტენი ხელმეორედ მოათავსოს აპარატში, თუმცა თუ ამომრჩეველი წარწერის გამოტანამდე დატოვებს საარჩევნო უბანს, მისი ხმა დაიკარგება.
“მოზაიკა” ამომრჩეველ ქალებთან შეხვედრებს “ქალთა ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში მართავს.