ახალი ამბები

გორის XII სკოლის პედაგოგის საქმეს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს

გორის XII საჯარო სკოლის მასწავლებლის საქმეს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, კომიტეტმა უკვე დაიწყო საქმის შესწავლა, დასრულების შემდეგ პასუხს დირექტორს შეატყობინებენ.

“ამ სკოლაში ერთი კონკრეტული პედაგოგის მიმართ არის დაწყებული სავარაუდო დისციპლინარული გადაცდომა. ვგულისხმობ საჯარო პოსტს, რომელიც დაიწერა მასწავლებლის მიმართ. კომისია დაადგენს, ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი და პასუხს გადასცემს დირექტორს. დირექტორი შინაგანაწესით გათვალისწინებულ სახდელს დააკისრებს, იმის მიხედვით, რა ფაქტს დაადგენს დისციპლინური კომიტეტი”, – ამბობს ტერმაკოზაშვილი.

“მოზაიკას” ინფორმაციით, სკოლის დირექცია მშობლებთან და მოსწავლეებთან გამოკითხვას ატარებს, იმის შესახებ, თუ რა პრეტენზია აქვთ მასწავლებელთან. 

“მშობლები დაგვიბარეს სკოლაში და სიტყვიერად გამოგვკითხეს, რა პრეტენზიები გვქონდა მასწავლებლის მიმართ. შემდეგ ბავშვებს დააწერინეს ანონიმურად და მათაც იგივე ჰკითხეს. გვითხრეს, რომ ამ ყველაფერს დააჯამებენ და თუ ბევრი უარყოფითი შეფასება ექნება, სკოლიდან გაათავისუფლებენ “, – უთხრეს მოზაიკას.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, გამოკითხვა სასკოლო ღონისძიებაა და ის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს.

“ანონიმურ გამოკითხვას რაც შეეხება, ეს არის სკოლის მიერ დაგეგმილი ღონისძიება. ჩვეულებრივი მიღებული ფორმაა, რომ სასკოლო საზოგადოების გამოკითხვა მიმდინარეობს”. 

ინფორმაციისთის, გორის XII საჯარო სკოლის მასწავლებელს მოსწავლეების მიმართ ბულინგში და დამცირებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახის წევრი, მარიამ მაისურაძე წერდა. მისი თქმით, მუსიკის მასწავლებელი მ.ბ. მოსწავლეებს უყვირის, ამცირებს, ფიზიკური მონაცემების მიხედვით ანსხვავებს და ნიშნის არდაწერით ემუქრება. 

დატოვეთ კომენტარი