გორში, ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი დროებით ჩაიკეტა – მიზეზი ქარის და თოვლის შედეგად მოგლეჯილი ხეებია, რომლებმაც გზის სავალი ნაწილი ჩახერგეს. ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დროებით ლენტით შემოისაზღვრა.
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამითვე დაიწყო.
“მობილიზებულია მერიების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს სპეციალური ტექნიკა, უამინდობის შედეგად წაქცეული ხეების გატანა და გასუფთავება, ასევე, დაიყარა ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის უკვე გაიწმინდა სოფლებმადე მისასვლელი გზები. გარდა ამისა, უამინდობის გამო დაზიანდა ელექტროსადენები და როგორც გორისა და ხაშურის გარკვეულ უბნებს, ისე რეგიონის 150-მდე სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. ასევე, რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში ელექტრო ენერგიის არქონის გამო ვერ განახლდა სასწავლო პროცესიც. ენერგო-პრო ჯორჯია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მოსახლეობას დროულად აღუდგეს ელექტრო ენერგიის მიწოდება”, – ინფორმაციას გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გარდა ამისა, უამინდობის გამო ხაშურის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტი სახლის ეზო დაიტბორა, ამჟამად ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.