გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, მთავარ საავტომობილო გზასთან კლდის ძირში კომერციული ობიექტი შენდება. სამშენებლო სამუშაოებისას, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კლდეს ძირი გამოაცალეს.
ადგილობრივები და შესაბამისი სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს, რადგან წლების განმავლობაში მოსახლეობა აღნიშნული ქედის გამაგრებას ითხოვდა, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე ქვათაცვენის ხშირი შემთხვევები იყო. გამაგრების ნაცვლად, ხელისუფლებამ ეს ადგილი გაასხვისა.
“საკრებულოში წლების განმავლობაში ვითხოვდით ამ ტერიტორიის გამაგრებას და უსაფრთხოდ მოწყობას, რადგან მოსახლეობა ყოველდღე საფრთხის წინაშეა. მოძრავი ქანებია, რის გამოც ქვათაცვენა ხშირია და რამდენჯერმე სოფელი ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა”, – ამბობს გორის საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნანა ლოთიშვილი, რომელმაც წერილობითაც მიმართა საკრებულოს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ტერიტორია კერძო ბიზნესმენზე გასხვისდა – ადგილზე კომერციული ობიექტი, კერძოდ, ავტომობილების სამრეცხაო შენდება.
„როგორც ვიცი აღნიშნული ტერიტორიის სამი მეასედი ფართი აუქციონის წესით გასხვისდა, თუმცა რა შენდება ადგილზე არ ვიცი”, – ამბობს შოთა ვანიშვილი, გორის მერის წარმომადგენელი ატენის თემში.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ტერიტორია, რომელიც ისედაც არ იყო უსაფრთხო, კიდევ უფრო საშიში გახდება, რადგან მშენებლობა მთლიანად ქედის სიმყარეს შეასუსტებს.
“წლებია არის ამაზე საუბარი, ბადეებით შეკავებას ვითხოვდით ქვათაცვენის, თუმცა ყურადღება არავინ მოგვაქცია. ტრაქტორები აქ 2 დღეა გამოჩნდნენ და ძირს უთხრიან კლდეს. მთავარი გზის მიმდებარედ არის თან ეს ადგილი. მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინების ნაცვლად, მშენებლობა დაიწყეს, გვაინტერესებს შეისწავლეს თუ არა ეს ადგილი გეოლოგიურად, სანამ მშენებლობას დაიწყებდნენ”, – ამბობს ატენის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
გეოფიზიკის პროფესორი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ბუნებაზე მსგავს ზემოქმედებას კატასტროფული შედეგი შეიძლება მოჰყვეს, თუ მშენებლობის დაწყებამდე საფუძვლიანად არ არის შემოწმებული გეოლოგიურად აღნიშნული ტერიტორია.
“კონკრეტულად ამ შემთხვევაში შესასწავლია გეოლოგიურად, ამიტომ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ წინააღმდეგი ვარ მსგავსი მასშტაბური ჩარევების, რადგან ეს არღვევს ტექტონიკურ რეჟიმს, ასევე საგულისხმოა როგორია ქანების წყობა. რომ გითხრათ, რომ ეს კარგია – ვერ ვიტყვი ამას, ეს კატასტროფაა, მით უმეტეს, ტენდენცია ისეთია საქართველოში, რომ ვინც აკეთებდა მსგავს სამუშაოებს, არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ. ამიტომ ეს არის ყოველთვის საშიში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაისვას კითხვები – შესწავლილი იყო თუ არა მშენებლობის დაწყებამდე ტერიტორია, არსებობს თუ არა შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები, რომლის საფუძველზეც დაიწყო მშენებლობა”, – ამბობს თეა გოდოლაძე, გეოფიზიკის პროფესორი.
მოსახლეობა შესაბამისი უწყებებისგან გეოლოგიური დასკვნების და სამშენებლო ნებართვის გასაჯაროებას ითხოვს – ასეთის არსებობის შემთხვევაში. მანამდე კი, ადგილობრივების აზრით, სამშენებლო სამუშაოები უნდა შეჩერდეს.