სტატიები

რა შესაძლებლობებს სთავაზობს ახალგაზრდებს გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო?

ავტორი: გიორგი დვალიშვილი

ჩვენ ღია ვართ ახალგაზრდული ინიციატივებისთვის, – ამბობს დაკო მურადაშვილი, რომელიც გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელია. მურადაშვილის თქმით, საბჭოსთვის იდეის წარდგენა ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. 

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია, როგორც საბჭოს ოფიციალურ გვერდზე დაკონტაქტებით, ასევე საბჭოს წევრებთან შეხვედრით, ელექტრონულ ფოსტაზე კომუნიკაციით და რაც მთავარია საბჭოს სხდომებზე დასწრებით. საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაცია წინასწარ იდება ანონსის სახით და ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია დაესწროს, გააჟღეროს საკუთარი პრობლემა თუ ინიციატივა, რომელზეც საბჭო იმსჯელებს და მისი უფლებამოსილების ფარგლებში, რეკომენდაციის სახით მიაწოდებს მერიას“, – აცხადებს დაკო მურადაშვილი.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გორის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოა, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და მერის  საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

დღესდღეობით, საბჭოში სულ 13 წევრია. მათგან 3 კონკრეტულად ახალგაზრდულ თემებზე მუშაობს. ერთ-ერთი მთგანი იაკობ მაღალაშვილია. იაკობი ამბობს, რომ ახალგაზრდების საჭიროებებზე ინფორმაციას საბჭოს წევრები როგორც საბჭოს მიღმა საქმიანობით, ასევე სოციალური მედიის და ელ.ფოსტის გამოყენებით იღებენ.

მიმდინარე წელს გვსურს, რომ ჩავატაროთ ახალგაზრდებთან საქმიანი შეხვედრა. შეხვედრის პირველი ნაწილი მუნიციპალიტეტის და საბჭოს კომპეტენციების გაცნობას დაეთმობა. მეორე ნაწილი კი, საჭიროებების და საჭიროებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს დაეთმობა, რათა ახალგაზრდებს პრობლემებზე მუშაობის გამოცდილება და ინიციატივების ფორმირების სპეციფიკა გავაცნოთ“, – ამბობს იაკობი.

თაკო თინიკაშვილიც იაკობის მსგავსად, გორის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ახალგაზრდულ თემებზე მუშაობს. თაკო ამბობს, რომ საბჭო მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია, რასაც კანონი გვთავაზობს

იმისთვის, რომ მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი თემის, უბნის საჭიროებების, ახალი საინტერესო ინიციატივების წარდგენა, აუცილებელია აქტიურად ითანამშრომლონ საბჭოსთან და ჩვენამდე მოიტანონ ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ. მე ასევე წარმოვადგენ გორის ახალგაზრდულ საბჭოს, სადაც გვყავს ახალგაზრდული საბჭოს ელჩები. სწორედ მათი აქტიური ჩართულობით ვიკვლევთ და ვიგებთ იმ საჭიროებებს, რომელიც ახალგაზრდებს აწუხებთ“, – ამბობს თაკო თინიკაშვილი.

გასულ წელს, საბჭომ მერიას კონკრეტულად ახალგაზრდული მიმართულებით, 6 რეკომენდაცია მისცა – მათგან 3 უკვე შესრულდა. რაც შეეხება შეუსრულებელ რკომენდაციებს, საბჭოში ამ საკითხების გარშემო მუშაობას წელსაც გეგმავენ. კერძოდ, საბჭო წელსაც ძალაში ტოვებს იმ  3 რეკომენდაციას, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებს ეხება: 

  • გაიზარდოს გორის ახალაგაზრდულ ცენტრზე ( ქ.გორი სუხიშვილის ქუჩა) ხელმისაწდომობა, ისეთი მიდგომითა და გრაფიკის შემუშავებით, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ისარგებლონ საღამოს საათებში ან შაბათ კვირას (რისი საჭიროებაც გამოიკვეთა ახლაგაზრდებთან ჩატარებული კვლევის ფარგლებში).
  • სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის დაინერგოს მოსწავლეთა და სტუდენტთა ბარათებით სარგებლობის საშეღავათო პრაქტიკა. მერიაში შეიქმნას კომისია, რომელიც იმუშავებს მოწყვლადი ჯგუფებისათვის საშეღავათო პაკეტების კრიტერიუმების შემუშავებაზე მრჩეველთა საბჭოს მონაწილეობით.
  • ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ შეიმუშაოს დამატებითი პროგრამა ანაზღაურებადი სტაჟირების მიმართულებით, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ ახალგაზრდებს სტაჟირება გაიარონ მერიის სამსახურებსა თუ ა(ა)იპებში. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის პოპულარიზებას, ასევე ახალგაზდების დაინტერესებას ადგილობრივი თვითმართველობის მიმართ.

საბჭოს წევრების ამბობენ, რომ  ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია საბჭოს წარუდგინოს საკუთარი ინიციატივა, იდეა ან პრობლემა, რის შემდეგაც, საბჭო ეცდება ამ საკითხების ადვოკატირებას და პოლიტიკურ დღის წესრიგსი დაყენებას. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.