სტატიები

იდეა, რომელიც მხარდამჭერს ეძებს – თეატრის კვირეული გამყოფ ხაზთან

საოკუპაციო ხაზთან ადამიანები მუდმივ სტრესში ცხოვრობენ. მათი ცხოვრება ერთფეროვანი და ყოფითი პრობლემებით არის მოცული. რუტინული ცხოვრება განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწუხებთ. ისინი ამბობენ, რომ კულტურული ღონისძიებები, როგორიც შეიძლება იყო თეატრის კვირეული, იქაურ ცხოვრებას ხალისს შესძენდა.

მარიამ გაბლიშვილი, ზარდიაანთკარი

კარგი იქნება, თუ კულტურული ღონისძიებები დაიგეგმება ჩვენს სოფელში, თუკი მსგავს წამოწყებას საფუძველი ჩაეყრება და სოფლებში, მითუმეტეს კონფლიქტისპირა დასახლებებში ჩამოვა თეატრალური დასი და სპექტაკლს გამართავს მოსახლეობისთვის. ეს იქნება უდიდესი წახალისება და სტიმული. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვერ ვახერხებთ ჩამოსვლას თეატრში, რადგან არ გაქვს ბილეთის საყიდელი ფული. ამასაც რომ თავი დავანებოთ, არის გზის პრობლემა, ტრანსპორტი საღამოს არ დადის და ტაქსის დასაქირავებლად თანხები არ გვაქვს.

ნათია სიდამონიძე, ფხვენისი

ახალგაზრდა თაობა საღამოს უქმად ატარებს და მსგავსი ღონისძიებები ჩვენს სოფელში საერთოდ არ ტარდება. ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობა ნამყოფიც არაა ალბათ თეატრში. შესაბამისად, ეს აქტივობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში თეატრის პოპულარიზაციას და მათ კულტურული ღონისძიებებით მეტად დააინტერესებს.

ლიკა ომაძე, შინდისი

ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის წამოწყებები განსაკუთრებით მათთვის, ვინც სოფლად ცხოვრობს. სოფელში არ არის არანაირი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, რაც ძალიან სამწუხაროა. ახალგაზრდები მხოლოდ მოედანზე თამაშით ან გარეთ სეირნობით ირთობენ თავს. შესაბამისად, მათთვის ძალიან საინტერესო იქნება ეს ღონისძიება და ვფიქრობ, რომ ცოტათი მაინც გაახალისებს სოფელსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.

გიორგი ცერაძე, ფხვენისი

ასეთი აქტივობები ხშირი უნდა იყოს, განსაკუთრებით ბუფერულ ზონებში, რადგან აქ არანაირი გასართობი თუ შემეცნებითი სივცეები არ არსებობს. ეს იქნება ყველა ასაკისთვის შესანიშნავი, რადგან ასეთი ღონისძიებები ძალიან მწირია სოფლად, უამრავი ბავშვი თუ მოზარდი გაიხარებს და ბევრი გაიხსენებს თეატრის არს და არსებობას. სოფლებში ძალიან მივიწყებულია ეს სფერო.

ვის რა შეუძლია იდეის განხორციელებისთვის?

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი მზად არის დაგეგმოს თეატრის კვირეული და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სხვადასხვა სექტაკლები დადგას.

თეათრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ იდეაზე თავადაც არაერთხელ უფიქრია.

“დათა პაპა რომ გარდაიცვალა, ჩასული ვიყავი ხურვალეთში მეგობრებთან ერთად. იქ ვნახეთ სულ ასაკოვანი ადამიანები და რამოდენიმე ბავშვი. იქვე გაგვიჩნდა იდეა, რომ მომავალი თაობისთვის რაღაც უნდა გავაკეთოთ. უდიდესი სურვილი მაქვს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვითამაშოთ სპექტაკლი და აქტიური კვირეული მოვაწყოთ”, – ამბობს დავით ჩხარტიშვილი.

დეის განხორციელებისთვის თეატრს მოძრავი სცენა და მიკროავტობუსი სჭირდება.

“თეატრს რომ ჰქონდეს მოძრავი სცენა, ჰყავდეს მიკროავტობუსი, მოვივლიდით სოფლებს. თვეში ერთხელ მაინც გავიდოდით და ჩავატარებდით სპექტაკლს”.

ამ ეტაპზე იდეის მხარდაჭერას ადგილობრივი ხელისუფლება არ აპირებს, რადგან ამბობს, რომ მცირე სცენის და ავტობუსის უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტში არ არის.

დატოვეთ კომენტარი