ახალი ამბები

“დავეხმაროთ მანანა ბებოს გამოჯანმრთელებაში, რათა დიდხანს უყარაულოს ჩვენს ქვეყანას”

ხურვალეთში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მის შესახებ ინფორმაცია სანდრო ელოშვილმა გაავრცელა. 

“მისი ცხოვრება რამოდენიმე ქათამი, პატარა ბოსტანი და ეზოში მორბენალი მსუქანი ძაღლია, რომელიც არ იყეფება და როცა ადამიანს ხედავს, ზურგზე წვება, რომ მოეფერონ.თბილად შეფუთნულ და მომღიმარ ბებოს მანანა ჰქვია”, – წერს სანდრო ელოშვილი და ხურვალეთში მცხოვრები მანანას ფოტოს აქვეყნებს. 

“დახუჭული თვალები ცუდ დროს გადაღებული ფოტოს ბრალი არ არის, უბრალოდ როდესაც ფეხზე დგას, ტკივილისაგან თვალებს ხუჭავს და ცრემლები მოსდის”, – წერს სანდრო.

სანდროს ცნობით, სოფელში მანანას მეზობლად მიტოვებული სახლებია, ამიტომ მოხუც ქალს გარშემო დამხმარე აღარავინ ჰყავს.

“მანანა სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს, მისი მეზობლები კი არიან მიტოვებული სახლები, მავრთულხლართები, მტრის ჯარისკაცები, შიში და სიჩუმე. პენსიას საპატრულოდ შესულ პოლიციელებს ატანს, რომ წამლები უყიდონ. ტკივილ გამაყუჩებლები”. 

როგორც სანდრო ამბობს, მანანას ოპერაცია გაუკეთებს ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ უნდა. ოპერაციის შემდეგ კი, საჭიროა, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი მანანამ თბილისში გაატაროს.

“მოვძებნეთ ძალიან მაგარი, მყუდრო და პატარა სასტუმრო, მეპატრონემ გულთან მიიტანა ეს ამბავი და მართლა ძალიან დიდი ფასდაკლება გაგვიკეთა.  მეგობრებო! მოდით სხვისთვის თუ არ გვემეტება, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ერთი დღით უარი ვთქვათ ერთ კოლოფ სიგარეტზე, ერთ ბოთლ ლუდზე, ერთ შაურმაზე, ერთ ტაქსით მგზავრობაზე. ბევრნი თუ ვიქნებით, მანანა ძალიან კარგად იქნება, გადაყრის ყავარჯნებს და ახალ წელს ფეხზე მყარად იდგება. ხურვალეთში არც ფოიერვერკები იქნება და არც ჟრიამული. მავრთულხლართებს მიღმა თუ გაისვრიან ავტომატის ჯერს ოკუპანტები.  მანანა და მსუქანი ძაღლი კი იდგებიან საქართველოს “ბოლო” ეზოს ჭიშკართან და უყარაულებენ ჩვენს ქვეყანას”, – წერს ელოშვილი. 

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე: 

  • თიბისი ბანკი: GE32TB7609945061600014
  • საქართველოს ბანკი: GE54BG0000000161381454;
  • პირადი ნომერი: 01017019229;
  • მიმღები: ალექსანდრე ელოშვილი.
დატოვეთ კომენტარი