სტატიები

გორში წმინდაწყალი-კომბინატის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას ითხოვენ

ხიდი განტვირთავს წმინდაწყალზე არსებულ საცობებს, შექმნის ახალ ინფრასტრუქტურულ და კომერციულ ზონებს, სადაც ადამიანები დასაქმდებიან“, – გორში, წმინდაწყალის და კომბინატის დასახლებების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობისთვის თანხების გათვალისწინებას ოპოზიცია 2024 წლის ბიუჯეტში ითხოვს. 

შესაბამისი წინადადება ადგილობრივ ხელისუფლებას პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა უკვე წარუდგინეს. 

ამის წყალობით მუნიციპალიტეტის მოქალაქეებისთვის გადაადგილება გახდება მარტივი და კონფორტული. ის ადგილი, სადაც ხიდის მონახაზი იყო, არის აუთვისებელი და ეს თავისთავად გამოიწვევს იმ ადგილების განვითარებას“, – ამბობს ფანიაშვილი.

წმინდაწყალი კომბინატის დამაკავშირებელი ხიდის პროექტზე საუბარი პირველად 2015 წელს მაშინდელმა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიწყო. თამარ თედლიაშვილმა გორის მერიას ინიციატივითაც მიმართა, თუმცა მერიისგან უარი მიიღო, რადგან ხიდის მშენებლობა დაახლოებით 11 მილიონი ლარი ჯდებოდა, გორის მაშინდელი ბიუჯეტი კი 18 000 მილიონი ლარი იყო.

როდესაც გადაწყდა რომ ბაზარი და ავტოსადგური უნდა გადასულიყო წმინდაწყალზე, მაშინდელ მერს ზურაბ ჯირკველიშვილს მივმართე ინიციატივით, რომ აშენებულიყო წმინდაწყალი-კომბინატის დამაკავშირებელი ხიდი, რომლითაც განიტვირთებოდა წმინდაწყლის დასახლება და ადამიანები შემოვლითი გზის გარეშე, მაგალითად კომბინატიდან მოხვდებოდნენ წმინდაწყლის ბაზარში, თუმცა ფინანსების არარსებობის გამო, ამ პროექტზე მერისგან უარის წერილი მომივიდა“, – ამბობს თედლიაშვილი.

ხიდის მშენებლობის საჭიროებას საკრებულოს თავმჯდომარეც ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელია

“ომმა გამოიწვია ფასების ზრდა, მასალები გაძვირებულია. ახლა ამ ხიდის მშენებლობას დაახლოებით 25 მილიონი ლარი სჭირდება, ეს კი ჩვენი ბიუჯეტის ნახევარია“, – ამბობს დავით რაზმაძე.

ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრები მუნიციპალიტეტს ურჩევენ, რომ აღნიშნული ხიდის მშენებლობა გარდამავალ პროექტებში ჩასვან, რომელიც მომავალ წელს დაიწყება და ეტაპობრივად განხორცილდება. 

ხიდის მშენებლობა არ იქნება პატარა თანხებთან დაკავშირებული, მუნიციპალიტეტს დასჭირდება ან გარდამავალი რამდენიმე წლიანი პროექტი, ან ცენტრალური ბიუჯეტის დახმარება. ეს არ არის მარტივი ამბავი, თუმცა აუცილებლად არის გასაკეთებელი და მუნიციპალიტეტმა დღესვე უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი“, – აღნიშნავს ფანიაშვილი.

ხიდის საჭიროებაზე აქტიურად საუბრობენ მოქალაქეებიც. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებას წმინდაწყლის დასახლების განტვირთვასთან ერთად, კომბინატის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. 

რას გადაწყვეტს მერია და გამოყოფს თუ არა თანხებს ხიდის მშენებლობისთვის, ბიუჯეტის პროექტის შესწროლებული ვარიანტის გასაჯაროებისას გამოჩნდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხიდის მშენებლობა 2019 წელს შემუშავებულ გენერალურ გეგმაშიც იყო ნახსენები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ დამტკიცდა, ხიდის მშენებლობის საკითხიც განუხორციელებელი დარჩა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.