გორში, კვერნაკის დასახლებაში წლების შემდეგ, 24 – საათიანი წყალმომარაგება აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულ დასახლებას წლების განმავლობაში სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა.
“კვერნაკის დასახლებაში 50%-ს ჰქონდა წყალი, ისიც გრაფიკით. 8-9 საათით, მეტი არა. ახლა 24 საათიანი გავაკეთეთ. რაზმაძისა და სულხან-საბას ქუჩა, რომლებიც ყველაზე დიდი ქუჩებია ამ დასახლებაში წყალი დღეში 7- 8 საათი ჰქონდათ და ახლა სულ არის. დაახლოებით 30 წელია ამ მდგომარეობაში იყვნენ ამ ქუჩების მაცხოვრებლები”,- განაცხადა თავზარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, კვერნაკის დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 800 მეტრამდე მაგისტრალური მილი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა მრიცხველები. მაშინ გორის მერიაში ამბობდნენ, რომ სამუშაოები იმავე წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო.