გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის სკოლაში “ცოდნის კუთხის” მოსაწყობად ხალხის დახმარებაა საჭირო. როგორც ფლავის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ხუროშვილი ამბობს, სკოლამ ორბელიანი მეტის იდეების კონკურსში გაიმარჯვა.
“ჩვენმა იდეამ მოიპოვა “ცოდნის კუთხის” მოსაწყობად 70% იანი დაფინანსება USAID-ისგან, ხოლო დარჩენილი 30% ანუ 1800 ლარი crowdfunding -ით იგივე სახალხო დაფინანსებით უნდა შეგროვდეს”, – ამბობს მასწავლებელი თეა ხუროშვილი.
სწორედ თეას ეკუთვნის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლაში “ცოდნის კუთხის” მოწყობის იდეა, რომელიც მისი მოლოდინით, სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს და არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
“ცოდნის კუთხე“ ნამდვილად გახდება ჩვენი მოსწავლეებისთვის მიმზიდველი, მათივე პროდუქტიულობისა და პოტენციალის რეალიზებისათვის საუკეთესო ადგილი. რომელიც მორგებული იქნება მათ სურვილებსა და საჭიროებებს”.
“ცოდნის კუთხეში” საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსწავლეები შეძლებენ ტრენინგების, დისკუსიების, კინო ჩვენებების მოწყობას, ასევე დააორგანიზებენ სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით აქტივობებს და უმასპინძლებენ მათთვის საინტერესო ადამიანებს.
“გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოფელი რეგიონალურ ცენტრს თითქმის 28 კილომეტრითაა დაშორებული, სკოლა კი არის სოფლის ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი, მოზარდების შეკრების და სოციალიზაციის ადგილს. ,,ორბელიანი მეტმა“ უკვე შეასხა ფრთები ჩვენს იდეას, ახლა ჯერი შენზეა! შევუქმნათ ფლაველ ბავშვებს “ცოდნის კუთხე“, რადგან ცოდნაა თავისუფლება”, – ასე მიმართავს თეა ხუროშვილი მოქალაქეებს.
ამ დროისთვის, იდეის განხორციელებისთვის, მოქალაქეთა მხარდაჭერით 800 ლარამდეა შეგროვებული. დაფინანსების მოძიება კვლავ გრძელდება და თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ბმულზე: შევქმნათ ცოდნის კუთხე ფლაველი ბავშვებისთვის
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).