ახალი ამბები

“გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას” – EUMM კირბალთან მომხდარ მკვლელობაზე

კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალება. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ”, – წერია განცხადებაში. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და სროლის ინციდენტის გამო, უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს. 

“ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.

მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვისათვის, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების გზით”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა კირბლიდან გაიტაცეს ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი, ხოლო თამაზ გინტურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები