ახალი ამბები

ზემო ნიქოზის სკოლის ტერიტორიაზე მარწყვის სათბური გაშენდა

გორის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე პროექტის “მეურნეობა” ფარგლებში, 500 კვ.მ ფართობზე პირველი მარწყვის სათბური გაშენდა.

“მეურნეობა” პირველი ქართული ინოვაციური პროექტია, რომელიც განათლების სისტემაში Enterprise to school სწავლების მეთოდს ნერგავს. ერთი მხრივ, პროექტი საჯარო სკოლებს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებელი შემოსავალი ჰქონდეთ. მეორე მხრივ კი, სკოლის მოსწავლეებს საწარმოს მართვის, ახალი ბრენდის შექმნისა და განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შესძენს.

პროექტის წარმომადგენლების თქმით, პროექტის დაწყების ინსპირაციის წყარო გახდა ის, რომ არსებული განათლების სისტემა ძალიან ჩამორჩება თანამედროვე AI-სა და ციფრულ სამყაროს. 

“ჩვენ გვინდა, საქართველოს განათლების სისტემა ახლოს იყოს თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროსთან. ქართულ სკოლებს ჰქონდეთ დამოუკიდებლად განვითარების გარანტია. მოსწავლეებმა კი პრაქტიკაში მიიღონ ის აუცილებელი გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რომლებიც დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოება მთავარი იდეის − განათლების გარშემო გავაერთიანოთ და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვაკეთოთ კამპანიები, რომლებსაც ყველა შეიყვარებს”, – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ზემო ნიქოზი მათ პროექტში პირველია, სადაც სხვადასხვა ფესტივალების გამართვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

“ვინაიდან, სოფელი ზემო ნიქოზი არის ჩვენი პროექტისთვის პირველი, მოხდება მიმდებარე ტერიტორიის განვითარება და პროექტის საბაზისო ადგილად იქცევა, სადაც გაიმართება სხვადასხვა მუდმივი კამპანიები პროექტები და ღონისძიებები. შემდეგი ეტაპი გულისხმობს მარწყვის დარგვას, ტერიტორიაზე კაფეს მოწყობას და მშვიდობის ფესტივალის დაფუძნებასა და სხვა აქტივობებს”, – ამბობს ზუკა მახარაშვილმაა.

“მეურნეობა” ათწლეულებზე გათვლილი პროექტია და შემდეგი კონცეფციით იმუშავებს: ერთი სკოლიდან მიღებული მოგების 50% მუდმივად სკოლაში დარჩება, რაც სკოლის ან ბავშვების განვითარებისთვის საჭირო გადამზადების კურსებსა და პროექტებს მოხმარდება. დარჩენილი 50% კი სხვა სკოლაში ახალი მეურნეობის დასაწყებად გადაირიცხება, შემდეგ ორი სკოლის 50% მესამე სკოლისთვის გადაირიცხება და ჯაჭვური რეაქციის პრინციპით გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს 2 208 სკოლა პროექტის ბენეფიციარი არ გახდება.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი