სტატიები

ფეხმძიმობისთვის და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები გორის ა(ა)იპებში – ჟურნალისტური გამოძიება

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაწილი ა(ა)იპ-ების სასამართლო დავებს ხმარდება – მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს რიგ შემთხვევაში გათავისუფლებული თანამშრომლები, ზოგჯერ კი ბენეფიციარები უჩივიან. რა უჯდება სახელმწიფოს სასამართლოში მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ინტერესების დაცვა, ზოგჯერ კი სასამართლოს მიერ მათ მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენები.

არის შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-ს თანამშრომლები უბრალოდ სასამართლოში დავას ვერ იწყებენ, ამის მიზეზი კი ის მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებებია, რომელთა გაფორმებაც ა(ა)იპ-ებში უცვლელი პრაქტიკაა.

ვინ, რატომ უჩივის ან ვერ უჩივის ა(ა)იპ-ებს?  – ეს ის საკითხებია, რაზეც რადიო „მოზაიკამ“ მორიგი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.

ამბავი #1:  „თუ სამსახური გინდოდა, შვილი არ უნდა გაგეჩინა მაშინო“ – დავა ბაღების სააგენტოს წინააღმდეგ

პირდაპირ ეგრე მითხრა, თუ სამსახური გინდოდა, შვილირ უნდა გაგეჩინა მაშინო”, – ამბობს ქვემო ხვითის სკოლამდელი დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, სასამართლოს მიმართა. მან ჩათვალა, რომ მოხდა მისი დედობის ნიშნით დისკრიმინაცია, რადგან მისი აზრით, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო აღარ გაუგრძელა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ მას ხელშეკრულების ვადა.

“გართულებული მშობიარობა მქონდა. დამირეკეს და მითხრეს, რომ ა(ა)იპ-ში ითხოვენ თქვენს განცხადებასო,საბუთები უნდა წამოიღოთო. მე არ ვიცი ახლა, ვერ ვხვდები რა საბუთებზე იყო ლაპარაკი. მეგონა დეკრეტულის საბუთებს მთხოვდნენ. ჩემს დას გავატანე ეს საბუთები ააიპის ოფისში და იქ უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ გამიგრძელებდნენ და მათავისუფლებდნენ. ბავშვის გამო ხო ვერ შეძლებ მოსვლას და მუშაობასო. ერთ თვეში რომ მეთქვა მოვალ და ვიმუშავებ მეთქი, ხომ მართლა შეუძლებელი იქნებოდა თოთო ბავშვი დამეტოვა”, – ამბობს იგი.

აღნიშნულ საქმეს მოსამართლე ქეთევან ბერეკაშვილი განიხილავს. მომჩივანს კი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესები უკვე მე-3 წელია გრძელდება. ერთ-ერთი ბოლო პროცესი 28 მაისს გაიმართა.


მოსამართლე ქეთევან ბერეკაშვილმა სასამართლო პროცესის დასაწყისში კიდევ ერთხელ განმარტა დავის შინაარსი:

მოსარჩელე აღწერს ვითარებას შემდეგნაირად: 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მუშაობდა ა(ა)იპ გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის სოფელ ქვემო ხვითის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში აღმზრდელის პოზიციაზე, ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით.

2018 წლის 18 ოქტომბრიდან, მოსარჩელე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, რადგან მას ჰქონდა გართულებული მშობიარობა, თუმცა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის ბრძანებით, ანაზღაურებადი შვებულების გაცემა მოხდა მხოლოდ 2018 წლის 1-ლ ნოემბრამდე, როდესაც მან მოითხოვა შრომის კოდექსით გათვალისწინებული სრული შვებულების ანაზღაურება, მოპასუხე მხარემ განუცხადა, რომ თავიდანვე შეცდომა იყო მისი სამსახურში მიღება, რადგან იყო ფეხმძიმედ და მუშაობით პრობლემებს უქმნიდა აღსაზრდელებს.

2 ნოემბერს მოხდა მისთვის ხელშეკრულების შეწყვიტა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის მიმართ მოხდა შრომის კოდექსის უგულებელყოფა და ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოქცევას დედობის გამო.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელის ადვოკატები ითხოვენ იმ ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც მათი დაცვის ქვეშ მყოფს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა, ასევე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

“სააგენტოს დირექტორმა ლია კოვზიაშვილმა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს განუცხადა, რომ მისი სამსახურში აყვანა იყო თავიდანვე შეცდომა ორსულობის გამო, რადგან როგორც თავის ბავშვს, ისე აღსაზრდელებს უქმნიდა პრობლემას”, – განაცხადა საიას ადვოკატმა მაია გრძელიშვილმა სასამართლო პროცესზე.

იგივე გაიმეორა მოსარჩელის დამ, რომელიც სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით დაიკითხა.

“ლია კოვზიაშვილმა ჩემს დას უთხრა, რომ მომატყუე და მოტყუებით დამანიშნინე თავიო, რანაირად მოიტყუებოდა, როცა სამსახურში ინიშნებოდა, 8 თვის ორსული იყო და მუცელს ხომ ვერ დამალავდა. ფიზიკურად შეუძლებელი იყო, შესაბამისად, კოვზიაშვილმა იცოდა, რომ ჩემი და ბავშვს ელოდებოდა. ასე გვითხრა კოვზიაშვილმა, რომ სახელმწიფოს დიდ ზარალს აყენებდა ჩემი და და თავის შვილსაც საფრთხეს უქმნიდა. ვის უნდა დაუტოვო პატარა ბავშვი, როგორ იმუშავებო. იყვირა, იღრიალა და ასე გამოგვიშვა”, – განაცხადა მოსარჩელის დამ.

სასამართლოზე სააგენტოს ინტერესებს იურისტი ნუგზარ კოჭლაშვილი იცავს. მისი თქმით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მყარი მტკიცებულებებით დისკრიმინაციის ფაქტს.

“ერთი თვის ვადით იყო ყველა თანამშრომელი დანიშნული ახალგახსნილ საბავშვო ბაღში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დედობის გამო მოხდა დისკრიმინაცია. ბრძანება, რომლის გაუქმებასაც ითხოვს მოსარჩელე, გამოვეცით იმ საფუძველზე, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. დამსაქმებელს აქვს უფლება კონკრეტულ პირს აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება, როცა უკვე გასულია წინა ხელშეკრულების ვადები”, – განმარტა კოჭლაშვილმა.

თავად კოვზიაშვილი თვლის, რომ სამართლიანად მოიქცა.

“ჩვენ თანამშრომლებს სამსახურში ვიყვანთ სამუშაოდ და არა შვებულებისთვის”, – განაცხადა კოვზიაშვილმა რადიო “მოზაიკასთან” საუბარში.

ამბავი #2: მშობელი მუნიციპალურ ბაღს უყურადღებობის გამო უჩივის 

მშობელი, რომელსაც ბავშვი მუნიციპალურ ბაღში დაჰყავს, სკოლამდელი აღზრის სააგენტოს სასამართლოში უჩივის. მშობელი აცხადებს, რომ ბაღის მასწავლებლები მის შვილს მედიკამენტს, თხოვნის მიუხედავად, საჭირო დროს არ ასმევდნენ.

დავა სასამართლოში მიმდინარეობს და მუნიციპალური ბაღის თანამშრომლების ინტერესების სააგენტოს იურისტი ნუგზარ კოჭლაშვილი იცავს.

„დანიშნულებაში წამლის მიღება წერია დილა-საღამოს და არ არის მითითებული კონკრეტული საათი”, – ამ არგუმენტით იმართლებს თავს ბაღების სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი.

მისი თქმით,  მშობლელი ითხოვდა, რომ ბავშვისთვის წამალი დღეში ორ-ჯერ, კონკრეტულ საათებზე მიეცათ.

„მშობელი ითხოვდა, რომ 10 საათზე მიეცათ ბავშვისთვის წამალი და ჭამის შემდეგ. ბოლო 2 წლის განმავლობაში, თავისუფალი დასწრება რომ გვაქვს, მიღება დილით ბაღებში გვაქვს 9-დან 10 საათამდე.  რადროსაც უკვე ვითვლით ბავშვებს და იმის მიხედვით გამოგვაქვს საკვები პროდუქტი და 11 -ის ნახევარზე გვაქვს საუზმე. შესაბამისად 10 საათზე ვერანაირად ვერ ვაჭმევდით ბავშვს, იმისთვის რომ წამალი მიეღო”, – ამბობს კოვზიაშვილი.

მისივე თქმით, ბაღის მედდას „არ აქვს არანაირი მედიკამენტოზური ჩარევის უფლება. მაგრამ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, კეთილი ნებით აკეთება ამას”.

ამბავი #3: პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, რომელიც ბიუჯეტს 50 000 ლარი დაუჯდა

გორის მერიასა და მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტის ყოფილ დირექტორის ლექსო ვალიაურის სასამართლო დავა, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვალიაურის სასარგებლოდ დასრულდა.

ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ არასწორი მოქმედებების გამო, გორის მერიას ჯარიმა 48 000 ლარი დაეკისრა, რომლის დაფარვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა.

ლექსო ვალიაური რადიო “მოზაიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ გარდა იმ ჯარიმისა, რაც მერიას დაეკისრა, მან ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსგან უნდა მიიღოს 2000 ლარი, როგორც ორი თვის განაცდური ხელფასი. გამოდის, რომ მხოლოდ ამ სასამართლო დავის შედეგად, 2021 წლის ადგილობრივმა ბიუჯეტმა 50 000 ლარით იზარალა.

“სასამართლოზე ჩვენ გვქონდა ოთხი მოთხოვნა, ეს იყო 2015 წლის 19 ოქტომბრის გათავისუფლების ბათილობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება და კონპესაცია 2 თვის ხელფასი. აქედან პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ორთვიანი შრომის ანაზღაურება, რაც სააპელაციომაც დატოვა ძალაში. ამის შემდეგ გასაჩივრებული იყო დანარჩენი სამი – აღდგენა არ დაკმაყოფილდა, არც განაცდური, დაკმაყოფილდა ბრძანების ბათილობა. გორის მერიას სააპელაციომ 12 ათასი, ხოლო უზენაესმა 48 000 ლარი ჯარიმა დააკისრა, არასწორი მოქმედებების გამო. მერიამ უკვე ჩამირიცხა აღნიშნული თანხა და პლიუს 450 ლარი სასამართლო ხარჯი. კულტურის ცენტრს აქვს 2000 ლარი ჩასარიცხი, რაც 2 თვის ხელფასს გულისხმობს”, – ამბობს ვალიაური.

ლექსო ვალიაურსა და გორის მერიას შორის სასამართლო დავა 2015 წელს დაიწყო, იმ დროს კი ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი იყო.

2015 წლის 19 ოქტომბერს მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ლექსო ვალიაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრძანების მიხედვით, გორის მერია თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, სამსახურეობრივ გულგრილებას და უფლება მოსილების გადამეტებას ედავებოდა. ოთხივე ბრალდების მიხედვით, საქმე გადაიგზავნა ჯერ პროკურატურაში და იქიდან კი ფინანსთა პოლიციის საგამოძიებო სამსახურში.

სამსახურიდან გათავისუფლებული ლექსო ვალიაური მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებდა, რადგან იმ პერიოდში ვალიაური რესპუბლიკური პარტიის რეგიონული ლიდერი იყო და როგორც ლექსო ამბობს პარტიის ლიდერებზე სუსის, და სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან მიდიოდა ბრძოლა, რაც მიზნად ისახავდა გარკვეული ტიპის ზიანის მიყენებას, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლებას და სამართალო წარმოების დაწყებას.

სამართლიანობის აღდგენის მიზნით ლექსო ვალიაურმა გორის რაიონულ სასამართლოში გორის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. აღნიშნულ საქმეზე ჯამში 29 სასამართლო პროცესი გაიმართა. გორში გამართული 16 სასამართლო პროცესის შემდეგ ორივე მხარემ ისევ გაასაჩივრა და საქმე გარძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სადაც 11 სასამართლო პროცესი გაიმართა.

ამბავი #4: გათავისუფლებული და სასამართლოს გზით სამსახურში აღდგენილი თანამშრომლები

2017 წლის ივნისის დასაწყისში, ცენტრის ხელმძღვანელმა, რეორგანიზაციის მოტივით, ერთ-ერთი თანამშრომელი, ლიზა ყაზიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. ყაზიშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი და ერთადერთი ოპოზიციონერი თანამშრომელი იყო, ვინც იმ პერიოდში ცენტრში მუშაობდა და მისი გათავისუფლება საეჭვოდ დაემთხვა ქალაქ გორის საკრებულოს ხმაურიან სხდომას, რომელზეც ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანების საკითხი განიხილებოდა. ამ სხდომაზე ყაზიშვილი, თანაქალაქელებთან ერთად, მოითხოვდა, საკრებულოს თემთან გაერთიანების გადაწყვეტილება არ მიეღო. სწორედ ამ სხდომის შემდეგ გამოცხადდა ოფიციალურად მერიის ქვემდებარე უწყებაში რეორგანიზაცია, რომელსაც ყაზიშვილის სამსახურიდან გაშვება მოჰყვა.

თავად ყაზიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები ეჭვობდნენ, რომ ყაზიშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა, რადგან მისი კვალიფიკაცია წლების განმავლობაში ეჭვს არავისში იწვევდა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ თედლიაშვილმა ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგიც გამართა და ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კულტურის ცენტრიდან გათავისუფლებულმა ლიზა ყაზიშვილმა სასამართლოს მიმართა და სამსახურში აღდგენა ითხოვა.

ყაზიშვილის საქმე 6 თვეს გაგრძელდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლიზა უვადო ხელშეკრულებით დაინიშნა იგივე ორგანიზაციაში.

“სასამართლო ითხოვდა მორიგებას, ფაქტი იყო რომ უკანონოდ მოხდა ჩემი გათავისუფლება, რადგან მხოლოდ მე გამათავისუფლეს ამდენი ადამიანიდან. ორგანიზაცია ამბობდა, რომ არ გვაქვს პრობლემა დავნიშნავთ, ვადიანი ხელშეკრულებითო, მე სამი წელი ვმუშაობდი ამ ორგანიზაციაში და სრულიად უკანონო იყო ჩემი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. ჩემი საქმე საბოლოოდ დასრულდა მორიგებით, დავინიშნე უვადო ხელშეკრულებით“, – თქვა ლიზა ყაზიშვილმა.

ირმა პაპიძე 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე სამსახურიდან გაათავისუფლეს, რის გამოც მან მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პაპიძე ამბობდა, რომ თავზარაშვილმა პირადი ინტერესების მიხედვით, ყოველგვარი გაფრთხილებისა და კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. პაპიძის თქმით, თუ გორის მერია სამსახურში აღადგენდა, სასამართლო დავას შეწყვეტდა. საბოლოოდ, ირმა პაპიძის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა. პაპიძე ორი წლის შემდეგ 2019 წლის 1 მარტიდან გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.

რატომ ვერ მიმართავენ სასამართლოს ა(ა)იპ-ის თანამშრომლები?

ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა ნაწილს ისეთ ხელშეკრულებებს უფორმებენ, რომ უბრალოდ სასამართლო დავის საფუძველი არ აქვთ ხოლმე – ამბობენ იურისტები, რომლებსაც რადიო “მოზაიკა” ესაუბრა.

მოძიებული ფაქტების მიხედვით, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა ოდენობა აღემატება შტატით დასაქმებულთა ოდენობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ა(ა)იპ-ების უმრავლესობაში, შტატგარეშე თანამშრომლებს მოკლე-პერიოდიან ხელშეკრულებებს უფორმებენ, ეს შეიძლება იყოს ერთვიანი, სამ-თვიანი ან ექვსთვიანი. დამსაქმებელს კი აქვს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, მათ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელონ.

რატომ ხდება ასე? – ამ კითხვას დარგის სპეციალისტები ასე პასუხობენ:

.

ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი

საჯარო სამსახურში თანამშრომელი შესაძლოა დასაქმდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით – ამ ფორმით ძირითადად თანამდებობის პირების თანაშემწეები მიიღებიან. მაგრამ ძირითადი  თანამშრომლების  უმრავლესობა შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქამებული, რადგან მოსახერხებელია შრომითი ხელშეკრულების მცირე ვადა ლავირებისათვის.

ლონდარიძის განმარტებით, წესით, მუნიციპალური ა(ა)იპ-ები თავადვე უნდა ასაბუთებდნენ, რატომ იყვანენ ერთი და იგივე თანამშრომელს, ერთი და იგივე მომსახურებისთვის რეგულარულად, მაგრამ მაინც მცირე ვადიანი ხელშეკრულებით.

„ამ შემთხვევაშიც დამატებით მოკვლევაა საჭირო. შესაძლოა თვალთმაქცური გარიგებები გვქონდეს სახეზე და სხვა საქმიანობას ასრულებდნენ ეს თანამშრომლები არჩევნების კუთხით.“

ეს არის ნაცადი მიდგომა, რომელსაც იყენებს ყველა ხელისუფლება ლოიალურად განწყობილი მოქალაქეებისა და მომხრეების მობილიზაციის და შენარჩუნებით მიზნით, – ამბობს ნათია ნადირაძე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში.

ნადირაძის თქმით, დიდწილად, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანები წარმოადგენენ პარტაქტივს, რომელიც სხვადასხვა მიზნებით შეიძლება იყოს გამოყებებული.

ნათია ნადირაძე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში

ეს მიდგომა და პრაქტიკა ძირს უთხრის პროფესიული საჯარო სამსახურის განვითარებას.

შტატგარეშე ყოველთვის ვადიანი თანამშრომელია, საჯარო მოხელესგან განსხვავებით, – განმარტავს მაგდა პოპიაშვილი, ანალიტიკოსი თვითმმართველობის საკითხებში.

პოპიაშვილის თქმით, შესაძლოა გაკეთდეს ერთთვიანი ხელშეკრულება, მაგრამ უნდა დასაბუთდეს ამ დროის განმავლობაში, რა განსაკუთრებულ სჭიროებას წარმოადენს, კონკრეტულად ამ ადამიანის აყვანა.

მაგდა პოპიაშვილი, ანალიტიკოსი

სამწუხაროდ, ხშირას ასეთი თანამშრომლები არა სერვისის მიმწოდებლები, არამედ კარგი აგიტატორები, კოორიდინატორები და ასე შემდეგ არიან. მოკლევადიანი ხელშეკრულებები ვფიქრობ იშვიათად უნდა იყოს, მე თუ მკითხავთ საერთოდ არ უნდა იყოს. თუ იცი, რომ ეს ადამიანი გჭირდება, ყოველ თვეს ახალი ხელშეკრულება არ უნდა უდო, კანონმდებლობაში ამაზე მკაფიოდ არის საუბარი და მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ კანონით.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ების უმთავრესი ნაწილი, როგორც წესი მმართველ პოლიტიკურ გუნდთან დაკავშირებული პირების, ე.წ „აქტივისტების“ დასაქმების წყაროა.

ვინ და რა ფასად იცავს ა(ა)იპ-ების ინტერესებს სასამართლოში?

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების ნაწილს საკუთარი იურისტი ყავს, ნაწილს კი საჭიროებისამებრ გორის მერიის იურისტი ემსახურება.

11ა(ა)იპ-დან იურისტი 6 სააგენტოს ჰყავს, დანარჩენები იურიდიულ მომსახურებას ან საჭიროებისამებრ პირდაპირი შესყიდვის სახით იღებენ, ან დახმარებას გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტი უწევთ.

  • სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 2 იურისტი ჰყავს.  მათი ყოველთვიური სარგო ჯამში 1600 ლარია. (წლიურად -19 200 ლარი)
  • საფეხბურთო კლუბს „გორი“ 1 იუირისტი ჰყავს. მისი ყოველთვიური ხელფასი 950 ლარია. (წლიურად – 10 800 ლარი)
  • ტრანსპორტის სააგენტოს 1 იურისტის ჰყავს. მისი ყოველთვიური ხელფასი 1000 ლარია.  (წლიურად – 12 000 ლარი)
  • სასმელი წყლების, წყალანირების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახურს 1 იურისტი ჰყავს. მისი ყოველთვიური ხელფასი  800 ლარია. (წლიურად – 9600 ლარი)
  • სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს 1 იურისტი ჰყავს. მისი ყოველთვიური ხელფასი 500 ლარია. (წლიურად – 6 000 ლარი)
  • სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს 1 იურისტი ჰყავს. მისი ყოველთვიური ხელფასი 700 ლარია.  (წლიურად – 8 400 ლარი).
  • კეთილმოწყობის სააგენტოს 1 იურისტი ჰყავს. მისი ყოველთვიური ხელფასი 1100 ლარია. (წლიურად – 13 200 ლარი).
  • კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს 1 იურისტი და 1 იურისტის თანაშემწე ჰყავს. მათი ყოველთვიური ხელფასი 1 400 ლარია. (წლიურად – 16 800 ლარი).

საერთო ჯამში ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იურისტების ხელფასებზე წელიწადში 96 000 ლარი იხარჯება.

შენიშვნა: სპორტისა და სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოში იურისტის პოზიციაზე ერთი და იგივე ადამიანი მუშაობს. მისი განმარტებით, ორივე ა(ა)იპ-ში იურისტობის გარდა, სხვადასხვა სახის საქმესაც ითავსებს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გაცემა და საქმის წარმოება.

ბოლო წლების განმვალობაში, მუნიციპალურ აიპებიდან სასამართლო დავა მხოლოდ ორ მათთგანს ჰქონდა, კეთილმოწყობისა და სკოლამდელი აღზრდის საააგენტოს. იურიდიული მომსახურებისთვის მათ თანხა დამატებით არ გადაუხდიათ და ყველა დავაში სააგენტოს ინტერესები მათივე იურისტებმა დაიცვეს.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის”.

პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” “ევროპის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.