ბლოგები

როგორია ცხოვრება ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზით – რა უნდა ვიცოდეთ?

ავტორი: მედეა ალავერდი, 22 წლის

უცებ ძალიან  დავიწყე წონაში კლება. 1 თვეში, დაახლოებით 15 კილოგრამი დავიკელი,  რამაც დაგვაეჭვა, გავიკეთე ანალიზი და აღმოჩნდა შაქრის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. მაშინვე დამაწვინეს საავადმყოფოში, იმ წუთიდანვე დამსვეს ინსულინზე. ეს მოხდა 2018 წლის 21 დეკემბერს. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. 

თავიდან ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. სტრესია, როცა რამდენჯერმე გიწევს იჩხვლიტო თითში ნემსი, რომ იკონტროლო შაქარი.

ძალიან დიდი ნერვიულობა გამოვიარე, რადგან მეგონა, რომ ჩვეულებრივი აღარ ვიქნებოდი, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანების წყალობით გადავლახე ეს სტრესი და როცა უკვე გავერკვიე ამ დიაგნოზში, მივხვდი, რომ საშიში აქ არაფერია, დიაბეტს მართავ შენ – ხარ სწორ კვებაზე, სხვა არაფერი და იკეთებ ნემსს, რომელიც არის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი. ასე ვცხოვრობ ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზით. 

რაც შეეხება იმას, როგორ გვეხმარება სახელმწიფო, ახლა უკვე  18 წლამდე ბავშვებს უფინანსებენ სენსორებს, რომლებიც მაგრდება ხელზე ან ფეხზე, სადაც გინდა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეგიძლია აკონტროლო შაქარი. უფინანსდებათ კიდევ კვლევები და რაც მთავარია, ინსულინი.

ხოლო ვინც უკვე 18 წლის ზევით არის, მას მხოლოდ ინსულინი და პენსია აქვს 175 ლარი, რომელიც დამიჯერეთ, საერთოდ არაფერში  გვყოფნის, მითუმეტეს, კვლევებში, რომლებიც საკმაოდ ძვირი ჯდება.

მე ვარ დაოჯახებული. მყავს პატარა გოგონა, რომელიც 2 წლის ხდება და არის სრულიად ჯანმრთელი. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ტიპი 1 დიაბეტი გენეტიკურად არ გადადის  და სანერვიულოც არ გვაქვს პატარაზე, თუმცა ჩემი შვილი  რომ დაიბადა, ჰქონდა ჰიპოგლიკემია ანუ დაბალი შაქარი, რომელსაც ვუკონტროლებდით რამდენიმე დღე, შემდეგ ჩაუდგა ნორმაში.

ორსულობისას ხშირად ვიკონტროლებდი ანალიზებს, რადგან ყველაფერი უნდა ყოფილიყო  ნორმაში, რომ არ გამოეწვია ნაადრევი მშობიარობის რისკი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიაბეტი განაჩენი არ არის. მის მართვას სჭირდება სწორი კვება, რომელსაც თავად აკონტროლებ.

დატოვეთ კომენტარი