დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ექსკურსიამძღოლად მზისა გოგალაძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება ავრცელებს.
ადმინისტრაციის დახასიათებით, ახალი კადრი, მზისა გოგალაძე უმშვენიერესი პოეტი და კარგი ოჯახის დიასახლისია.
“ნიჭიერი, ღირსეული ახალგაზრდა ქალბატონი, უმშვენიერესი პოეტი, კარგი ოჯახის დიასახლისი და ახლა უკვე ჩვენი დიდი სამუზეუმო ოჯახის წევრი, ვულოცავ”, – წერს სამუზეუმო გაერთიანების უფროსის მოადგილე მურად მთვარელიძე.
როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, აღნიშნულ ა(ა)იპ-ს ახალი ექსკურსიამოძღოლის შესარჩევად ღია კონკურსი არ გამოუცხადებია. ხაშურის მერიაში კი გვითხრეს, რომ ა(ა)იპ-ში მუზეუმის ექსკურსიამძღოლის პოზიცია ვაკანტური წლის დასაწყისში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად გახდა.
“მუზეუმის ფონდების მცველი გადავიდა სხვა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად, ექსკურსიამძღოლი კი გადავიდა ფონდების მცველად, რომელიც ამავე დროს ითავსებდა ექსკურსიამძღოლობას. ახლა კი ახალი ექსკურსიამძღოლი დაინიშნა”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში.