23 წლის ხაშურელ ახალგაზრდა სანდრო გოცირიძე ამბობს, რომ ხაშურის #3 საჯარო სკოლაში გასაუბრებაზე, გამოცდილების არქონის გამო, დაიწუნეს.
სანდრო გოცირიძემ სოციალური ქსელით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გასაუბრებაზე და განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
“ერთი წლის წინ გადავწყვიტე გავმხდარიყავი მასწავლებელი. როგორც იცით, ხაშურში ვცხოვრობ და მინდოდა ჩემი რაიონის სკოლაში დავსაქმებულიყავი და მთელი ჩემი რესურსი აქ გამომეყენებინა, რათა ხაშურს უფრო მეტი ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდა ჰყოლოდა. იმდენად დიდი იყო სურვილი მასწავლებელი გავმხდარიყავი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა შემოთავაზებაზე, რომ დავსაქმებულიყავი სხვა სტრუქტურაში, უარი ვთქვი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემს რაიონს სკოლებში სჭირდებოდა ახალგაზრდა კადრები. ხაშურის სკოლები რომ შემოიაროთ, თითქმის ვერ ნახავთ ახალგაზრდა კადრებს, მით უმეტეს ახალგაზრდა მამაკაც მასწავლებლებს”, – ამბობს სანდრო.
მისი თქმით, ხაშურის #3 საჯარო სკოლაში საგნის “მე და საზოგადოება” მასწავლებელს ეძებდნენ. სანდრო ამბობს, რომ სწორედ სამოქალაქო განათლების კუთხით სურდა მოსწავლეებთან მუშაობა.
“გასაუბრება, რომელიც გავიარე, ჩავაბარე წარმატებით, რადგან არ ყოფილა კითხვა, რომლისთვისაც არ მეპასუხა. გასაუბრების შემდეგ ყველა აღნიშნავდა, მათ შორის კომისიაც, რომ ძალიან კარგი გასაუბრება მქონდა. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღეს იმგვარად, რომ დამიწუნეს გამოცდილების ნაწილში. 23 წლის ასაკში დამიწუნეს იმის გამო, რომ არ მაქვს საკმარისი გამოცდილება, მხოლოდ იმის, გამო რომ სკოლაში არ ვასწავლიდი 10 -15 წლის განმავლობაში. ეს არის იმ სისტემის სახე, რომელზეც მე ახლა ვსაუბრობ. სისტემა არის ბურუსით მოცული და დაჭაობებული”, – ამბობს ის.
გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ზვიად გოგუაძე გამოეხმაურა. გოგუაძე ამბობს, რომ გასაუბრებაზე კომისიამ არჩევანი სერტიფიცირებულ პედაგოგზე შეარჩია.
“ნებისმიერი კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია აისახება კომისიის ოქმში. ზეპირი ფორმით გავრცელებულ ინფორმაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვინაიდან, რესურსცენტრის თანამშრომელი იყო კომისიის წევრი. როგორც მაქვს ინფორმაცია, აღნიშნული პირი იყო მასწავლებლობის მსურველი და არა მასწავლებელი, ანუ მაძიებელი. კომისიამ კი შეარჩია გამოცდილების მქონე, ორი საგნით სერტიფიცირებული, წამყვანის სტატუსის გამოცდა ჩაბარებული კადრი”, – ამბობს ზვიად გოგუაძე.