ნათურებს რომ ყიდულობთ, მანქანა გაფუჭებულია და როგორ უნდა დააყენოთ? – იკითხა ხაშურის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის წევრმა.
ეკა პაპუაშვილმა გაფუჭებულ ამწეკალათაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა თქვა, რომ გარე განათების ნათურების შესაძენად 10 000 ლარის დახარჯვა იგეგმებოდა.
“მთელი ზაფხულია მანქანა გაფუჭებულია, რამდენჯერაც “ხაშურსერვისის” უფროს ზურა ნოზაძეს დავურეკე, იმდენჯერ მიპასუხა, რომ მანქანა არა ჰყავთ. 2 თვეა სახელოსნოში დგას გაფუჭებული. ნათურებს რომ ყიდულობთ, რათ გვინდა ნათურები, თუ ვერ დააყენებთ”, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა
ხაშურის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, “ხაშურსერვისის” ამწეკალათა ორი თვის წინ გაფუჭდა. როგორც საკრებულოზე ითქვა, ატომანქანის დაზიანების გამო, ამ დრომდე ნათურების გამოცვლა ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ვერ მოხერხდა.
საკრებულოს სხდომას აღნიშნული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი არ ესწრებოდა. შესაბამისად, ამწეკალათის შეკეთების ან მისი გამოცვლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.