სტატიები

სამსახურის მანქანების პირადი მიზნებით გამოყენებაში პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა

გორელი მაღალჩინოსნების მიერ მუნიციპალური ქონების პირადი მიზნებით სარგებლობაში პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. 

საუბარია, ფაქტებზე, რომლებიც “მოზაიკამ” ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში შეაგროვა – ამ ფაქტებით დასტურდება, რომ გორის მერიის, ააიპ-ების თუ საკრებულოს მაღალჩინოსნები სამსახურის მანქანებით დადიან სახლებში, საყიდლებზე, პირად შეხვედრებზე და დასასვენებლადაც კი. საჯარო მოხელეები პირადი კომფორტისთვის მოიხმარენ იმ ავტომობილებს, რომელთა შეძენისთვის, საწვავით უზრუნველყოფისთვის თუ მოვლა-პატრონობისთვის, ერთ წელში ბიუჯეტიდან თითქმის 1 000 000 ლარი დაიხარჯა.

ამავე თემაზე: სამსახურის მანქანები გორელი მაღალჩინოსნების განკარგულებაში – მილიონიანი ხარჯი მათი კომფორტისთვის

მასალაში თავმოყრილი ფაქტების შესახებ, იურისტებთან კონსულტაციის საფუძველზე, “მოზაიკამ” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას წერილით 19 ივლისს მიმართა და საბიუჯეტო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტომობილების გამოყენებისა თუ მათზე გაწეული ხარჯების კანონიერების შესწავლა სთხოვა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 აგვისტოს გვაცნობა, რომ საკითხი შესწავლის მიზნით, მათგანაც პროკურატურას გადაეგზავნა, რომლისგანაც პირველი წერილი “მოზაიკამ” 21 აგვისტოს მიიღო. 

“განცხადებაში მოყვანილი ფაქტების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი არ შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც არ მოხდა გამოძიების დაწყება”, – ეწერა წერილში, რომელიც “მოზაიკამ” პროკურატურისგან 2023 წლის 21 აგვისტოს მიიღო.

წერილს ხელს შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი თემურ ყულოშვილი აწერს. აღნიშნული განცხადების მიღების შემდეგ, “მოზაიკა” იმის გარკვევას შეეცადა, თუ როდის, როგორ და რა ფორმით მოხდა “მოზაიკას” ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილი ფაქტების გადამოწმება – წერილი 8 კითხვას და მათზე პუნქტობრივი პასუხის გაცემის თხოვნას შეიცავდა.  [წერილის ფოტო]

ყველა ამ კითხვაზე პასუხად კი, პროკურატურამ 31 აგვისტოს “მოზაიკას” ერთ-აბზაციანი პასუხი დაუბრუნა, რომელიც წინა წერილის ოდნავ განვრცობილი ვერსია იყო. 

შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საგამოძიებო სამმართველოში განხილულ იქნა 2023 წლის 19 ივლისის განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა სამართლებრივი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არ შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოძიების არ დაწყების თაობაზე” – წერდა თემურ ყულოშვილი 31 აგვისტოს წერილში.

უპასუხოდ დატოვებული კითხვები, აჩენს ეჭვს, რომ პროკურატურას “მოზაიკას” მიერ შეგროვებული ფაქტები არ გადამოუწმებია და შესაბამისად, არ უცდია იმ სავარაუდო დანაშაულების ნიშნების დადგენა, რომლებიც მუნიციპალური ქონების მართვის პროცესში იკვეთება – საუბარია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე და ქონების მითვისება – გაფლანგვაზე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.