სტატიები

მოხისის სკოლის რეაბილიტაცია არ დაწყებულა – მოსწავლეები წელსაც ფცის სკოლაში ივლიან

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მცხოვრები მოსწავლები, უკვე მეორე წელია, ახალ სასწავლო წელს ფცის საჯარო სკოლაში ხვდებიან და არ იციან, სადამდე მოუწევთ განათლების მისაღებად მეზობელ სოფელში სიარული. 

“მეორე წელი დაიწყო, რაც გვითხრეს, რომ მოხისის სკოლის რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო. ამის გამო, ბავშვები ფცის საჯარო სკოლაში გადაიყვანეს, თუმცა სკოლაში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა და არც იმას გვეუბნებიან, როდის უნდა დაიწყოს”, – ამბობს ამავე სოფელში მცხოვრები, ენმ-ის წევრი თამარ დიასამიძე. 

მოხისის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დაწყება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაანონსდა. მაშინ ქარელის რესურსცენტრის უფროსი განმარტავდა, რომ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხო არ იყო, თუმცა გიორგი კობახიძეს არც მაშინ ჰქონდა და არც ახლა აქვს ზუსტი ინფორმაცია სკოლის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ. 

ამავე თემაზე: შიდა ქართლში, ავარიული შენობის სტატუსი 6 სკოლას აქვს

“სკოლა ჩასმულია სარეაბილიტაციო სკოლების სიაში, თუმცა ზუსტი დრო რეაბილიტაციის დაწყების ამ ეტაპზე უცნობია”, – გვითხრა გიორგი კობახიძემ.

გიორგი კობახიძისთვის არც ისაა ცნობილი, რომელი სახელმწიფო უწყება აპირებს შენობის რეაბილიტაციას. 

“დასკვნა არსებობს, რომლის მიხედვითაც შენობა უსაფრთხო არ არის. ჯერჯერობით დემონტაჟი არ მომხდარა.  არაფერი უთქვამთ არც დემონტაჟზე და არც იმაზე, თუ ვინ უნდა გააკეთოს”, – გვითხრა კობახიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში რამდენიმე სკოლაა ისეთი, რომლის რეაბილიტაციაც დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა. მოხისის მსგავსად, ამ სკოლის მოსწავლეებიც ახალ სასწავლო წელს კვლავ სხვა სკოლებში შეხვდებიან. 

ამავე თემაზე: ხაშურის N4 სკოლას აშენებს კომპანია, რომელსაც კიდევ 8 ბაღი და სკოლები აქვს ასაშენებელი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი