კორუფცია, თაღლითობა, ომის დაფინანსება, – ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც იმ ჩინური კომპანიის მიმართ ისმის, რომელიც რიკოთზე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს აშენებს.
კომპანიის საქმიანობასა და რეპუტაციაზე “სამოქალაქო იდეამ” კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული და მისი შვილობილი კომპანიები წლების განმავლობაში კორუფციისა და თაღლითობის სქემებში იყვნენ ჩართული. ასევე ირკვევა, რომ კომპანია China State Construction Engineering Corporation 2009 წელს შავ სიაში შეიყვანა მსოფლიო ბანკმა, ხოლო 2023 წელს კი უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ომში რუსეთის სპონსორობისთვის.
“ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, CSCEC და მისი შვილობილი კომპანიები, კორუფციისა და თაღლითობის სქემებს ახორციელებდნენ ჩინეთში, აშშ-ში, ფილიპინებში, პაკისტანში, კენიაში, ტანზანიაში, ეთიოპიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, რის შედეგადაც სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტების შავ სიაში მოხვდნენ. 2009 წელს, მსოფლიო ბანკმა შპს China State Construction Engineering Corporation შავ სიაში შეიყვანა”, – ასე გამოეხმაუარა კვლევის შედეგებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.
რა ვიცით კორუფციაში მხილებული კომპანიის შესახებ?
China State Construction Engineering Corporation Ltd., ასევე ცნობილი როგორც China State Construction or CSCEC, არის ერთერთი უდიდესი ჩინური სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც დაარსდა 1982 წელს. მას შემდეგ ის ოპერირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს უძრავ ქონების, მშენებლობის დაფინანსებას, ოპერირებას, ინჟინერიას, პროექტირებასა და კვლევას. ეს კომპანია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბევრ სკანდალში იყო გარეული.
” 2020 წლის აგვისტოში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ ჩინური კომპანიების სია, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ დამყარებული ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან (PLA). სწორედ ამ კომპანიებს შორის იყო CSCEC. ტრამპის ადმინისტრაციამ ეს უკანასკნელი კიბერ ჯაშუშობაში დაადანაშაულა, ხოლო აშშ-ში რეგისტრირებულ სუბიექტებს აუკრძალა, გამხდარიყვნენ CSCEC-ის აქციონერები. 2013 წლის დასაწყისში CSCEC–ს პრობლემები შეექმნა თვით ჩინეთშიც. მას ბრალი ედებოდა რამდენიმე ცათამბჯენის ასაშენებლად დაბალი ხარისხის ზღვის ქვიშის გამოყენებაში. ეს მშენებლობები, მათ შორის Ping An-ის ფინანსური ცენტრი, შეჩერდა შენჟენის საბინაო და სამშენებლო ბიუროს მიერ კომპანიის მხრიდან უხარისხო სამშენებლო მასალების გამოყენების გამო”, – ნათქვამია ანგარიშში.
CSCEC-ის სახელთან დაკავშირებული სკანდალები
ჩინური კომპანიასთან დაკავშირებული სკანდალები 2004 წლიდან იწყება, როცა ფილიპინებში დაბლოკეს 1 წლით, რეგულაციების დარღვევის გამო.