შიდა ქართლში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 524 ცალი ყალბი ერთლაირიანი მონეტა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის პერიოდში, სისტემატურად ასაღებდნენ ყალბ ერთლარიან მონეტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ ამ დრომდე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ყალბი მონეტების დამამზადებლისა და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.