ოქროსფერი სტაფილოკოკი, კოლოფორმები, ობი, – ეს ის ბაქტერიებია, რომლებიც იმ კომპანიის რძის პროდუქტებში აღმოჩნდა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ამარაგებდა.
შპს “ამალთეა ჯგუფის” მიერ წარმოებული პროდუქტი გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში შეამოაწმეს, სადაც აღმოაჩინეს, რომ რძის პროდუქტში, კერძოდ, ხაჭოში იყო ბაქტერიები: s.aureas (ოქროსფერი სტაფილოკოკი), ასევე კოლოფორმები, ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები. ერთ-ერთი ბაღიდან აღებულ ნიმუშში კი იპოვეს მეტალის ნივთი და ობი.
რა ინფექციების გამოწვევა შეუძლია ოქროსფერ სტაფილოკოკს?
მედიკოსების შეფასებით, სტაფილოკოკის ბაქტერიას შეუძლია უბრალოდ კანის გაღიზიანება ან უარეს შემთხვევაში ტოქსიკური შოკის გამოწვევა.
“მძიმე სტაფილოკოკური ინფექციის მაგალითებია სტაფილოკოკური პნევმონია ანუ ფილტვების ანთება, მენინგიტი ანუ ტვინის გარსების ანთება, ენდოკარდიტი ანუ გულის შიგნითა გარსის ანთება. შესაძლოა, სტაფილოკოკურ ინფექციას მოჰყვეს ტოქსიკური შოკი და სეპტიცემია. აღნიშნულ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია”, – ამბობენ ექიმები.
დადგენილია, რომ სტაფილოკოკური ბაქტერიული ინფექცია კლინიკურად შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა სახით – კანის მარტივი გაღიზიანებიდან და ფურუნკულიდან დაწყებული საკვებისმიერი სტაფილოკოკური ინფექციით დამთავრებული.
რისი გამოწვევა შეუძლია კოლოფორმებს?
კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი (იგივე კოლიფორმები) აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს.
მოწამვლა ვითარდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში, კერძოდ, როდესაც ნაწლავის ჩხირი ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად.
“კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს: ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა. შესაბამისად, ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით: გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან მადის დაკარგვით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც”.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “ამალთეა გრუპი”, გორის გარდა, ხაშურის საბავშვო ბაღებსაც ამარაგებდა, თუმცა ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებას კომპანიასთან პრეტენზიები არ ჰქონია და პროდუქტის მიწოდების პერიოდში რაიმე დარღვევა არ გამოვლენილა.