სტატიები

კომპანია, რომლის პროდუქტშიც ბაქტერიები აღმოჩნდა, ხაშურის ბაღებსაც ამარაგებდა 

კომპანიას, რომლის რძის პროდუქტებშიც ბაქტერიები აღმოაჩიეს და რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ამარაგებდა, ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებასთანაც. 

საუბარია შპს “ამალთეა ჯგუფზე”, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ შეუწყვიტა.

აღმოჩნდა, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქტების ცხიმიანობა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი პროდუქტების ცხიმიანობას. მაგ: ყველის ცხიმიანობა ხელშეკრულებით მოთხოვნილი იყო 40%, კვლევამ კი აჩვენა, რომ მისი ცხიამოანობა 8, 03 %-ს შეადგენდა. 

ექსპერტიზაზე გაგზავნილ პროდუქტში, კერძოდ ხაჭოში აღმოჩნდა კოლიფორმები, ასევე “S.aureus” ტიპის ბაქტერია. ერთ-ერთი ბაღიდან აღებულ ხაჭოს ნიმუშში კი, აღმჩნდა მეტალის ნივთი და ობი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელმა აღზრდის სააგენტომ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და დააკისრა პირსამტეხლო ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების 5%, რამაც 20 707 ლარი შეადგინა.

ხელშეკრულების გაწყვეტამდე “ამალთეა ჯგუფი” გორის საბავშვო ბაღებს 4 თვის განმავლობაში ამარაგებდა. ამ დროის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ მას 233 732 ლარი უკვე გადაუხადა, რაც ხელშეკრულების ღირებულების 56%-ია. 

რაც შეეხება, ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებას, აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს გასულ და მიმდინარე წელს, რომელთა საერთო ღირებულებამ 97 602 ლარი შეადგინა. ორივე ხელშეკრულება კომპანიას შესრულებული აქვს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.