ახალი ამბები

“მე-19 ბაღში ბავშვებს სცემენ” – მშობლების ბრალდებას დირექტორი არ ადასტურებს 

გორის მე-19 საბავშვო ბაღს აღსაზრდელთა მშობლები მძიმე ბრალდებებს უყენებენ და ამბობენ, რომ აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს უდიერად ეპყრობიან, სცემენ, უყვირიან და ფსიქოლოგიურად ძალადობენ. 

ბაღში არსებულ ვითარებაზე მშობლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია. 

“მე -19 ბაღს, თუ მშვიდი ბავშვი არ გყავთ, არ გირჩევთ. ნერვები არ აქვთ, ბავშვის ტირილს უსმინონ, როგორც თვითონ ამბობენ. მიღებულია სახაზავის თავში ჩარტყმაც და ა.შ”, – წერს ერთ-ერთი მშობელი ე.დ.

“საშინელი ბაღი, ბავშვს ისეთი ისტერიკა დამართეს, სიმწრისგან თითით კედელი ქონდა ნაჩიჩქნი”, – ამბობს თ.დ.

მშობლების თქმით, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მსგავსი ფაქტების დამალვას ცდილობს. 

“მეც მანდ დამყავდა. ბავშვებს ცემენ უმოწყალოდ და დირექტორიც ხელს აფარებს უნამუსო მასწავლებლებს. მაგ დასახლებაში ვარ, მაგრამ მე-18 -ში დამყავს ინცინდენტის გამო, რომელიც უფროსი შვილის ჯგუფში მოხდა და კიდევ გამოდის ამბები, რომ იგივე ხდება”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი, მ.მ.

აღსაზრდელთა მშობლების ბრალდებების საპასუხოდ, “მოზაიკა” მე-19 საბავშვო ბაღის დირექტორს დაუკავშირდა.  რუსუდან გუგულაშვლი განმარტავს, რომ რამდენიმე მშობელმა უკმაყოფილება გასულ წელს გამოთქვა, რის გამოც ბაღში არსებული ვითარების შესასწავლად საქმეში სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთო, თუმცა რაიმე დარღვევა და ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტები არ დადასტურდა. 

“ეს მოხდა შარშან, როცა დამათავრებელი ჯგუფის ღონისძიებაზე ეზოში ფოიერვერკების დანთებაზე უარი ვუთხარი, ერთ-ერთი მშობელი განაწყენდა და სხვა მშობლებიც აიყოლია. ამბობდა, არ მიიყვანოთ შვილები მაგ ბაღში და ასე შემდეგ. სახალხო დამცველიც ჩაერთო ამ საქმის შესწავლაში და როცა ამ მშობელს ჰკითხეს, რეალური იყო თუ არა მისი ბრალდებები, კატეგორიული უარი განაცხადა ინტერვიუს მიცემაზე. შემდეგ ტელევიზიაც იყო მოსული, დევნილთა კოტეჯებში ატარეს და ერთი ადამიანი ვერ ნახეს, ვინც ცუდს იტყოდა საბავშო ბაღზე. ერთი სიტყვით, არ დადასტურდა ეს ბრალდებები”, – განაცხადა რუსუდან გუგულაშვილმა. 

მისივე თქმით, მიუხედავად გავრცელებული ბრალდებებისა, აღნიშნული საბავშვო ბაღი მშობლებისთვის კვლავ მოთხვონადია და რეგისტრაციის დაწყებისთანავე ადგილები თითქმის უკვე შევსებულია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.